რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრო ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს აღრიცხავს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, სამთავრობო უწყებებმა რუსეთის მიერ უკრაინის გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 8,000-ზე მეტი შემთხვევა დაარეგისტრირეს.
„ჩვენ ამას გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ვუწოდებთ, რადგან ხდება წყლის რესურსების დაბინძურება, წყლის ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განადგურება, ნიადაგის დანაგვიანება და ტყის ხანძრები. ეს ყველაფერი რუსეთის ომის შედეგია“, – განაცხადა უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა, სვიტლანა გრინჩუკმა.
გრინჩუკის თქმით, ამ 8,000 შემთხვევის ფინანსური ეკვივალენტი 85 მილიარდ ევროზე მეტია. ეს არ მოიცავს იმ ტერიტორიებისთვის მიყენებულ ზიანს, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული და, შესაბამისად, უკრაინას წვდომა არა აქვს. მინისტრის ინფორმაციითვე, მათ მიერ შეფასებულ დანაკარგებში ასევე არ შედის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ბოლო თავდასხმა და მისი უსაფრთხოების ზღუდის დაზიანება.
ცნობისთვის, რუსული დრონების მიერ, 2025 წლის 14 თებერვალს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშისას, დრონი რეაქტორის ზემოთ მდებარე ზღუდეს შეეჯახა. ამ შეჯახებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას კი დაახლოებით სამი კვირა დასჭირდა.
გრინჩუკის განცხადებით, მიუხედავად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობისა, გარემოს აღდგენა გაცილებით რთული საკითხია, რადგან „ეკოსისტემისა და ბუნებრივი ობიექტების ნაწილი ომამდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდება“.