აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დამატებით რაკეტები გაიგზავნება. მისი განმარტებით, აღნიშნული რაკეტები უკრაინის თავდაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. „ჩვენ მათ გავუგზავნით Patriot-ებს, რომლებიც მათ უკიდურესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის სასიამოვნოდ საუბრობს, მაგრამ საღამოთი ყველას ბომბავს“, – განაცხადა მან.
დონალდ ტრამპს შეიარაღების რაოდენობისა და ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა პრეზიდენტმა განმარტა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გადაცემული Patriot-ის რაკეტების ხარჯებს ევროკავშირი აანაზღაურებს. „ჩვენ მათ სხვადასხვა სამხედრო შეიარაღების ნაწილებს გავუგზავნით. და ისინი ხარჯების 100%-ს გადაგვიხდიან. ეს არის ის მიდგომა, რაც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბოლო პერიოდია, თავდაცვით შეიარაღებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს. ჰსთ-სისტემის რაკეტების მარაგების ამოწურვასთან და რუსეთის მხრიდან შეტევების გააქტიურებასთან ერთად, უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა მოწყვლადი გახდა. საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას ტრამპს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე მკაცრი პოზიცია ჰქონდა და აშშ-მა იარაღის მიწოდება თითქმის სრულად შეაჩერა. თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მზაობას ნაკლებად გამოთქვამს, ტრამპის პოზიციაც შეიცვალა.
საინტერესოა, რომ მედიასააგენტო Axios-ის ინფორმაციით, ამერიკა უკრაინისათვის 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი თავდასხმითი რაკეტების გაგზავნასაც განიხილავს. Axios-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინისათვის ორი ტიპის, PrSM ბალისტიკური და JASSM-ER-ტიპის საავიაციო ფრთოსანი რაკეტების გადაცემა განიხილება.