აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $2 მილიონს გადასცემს

აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $2 მილიონს გადასცემს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით $2 მილიონს გამოყოფს. ბრძანებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანების თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2025 წლის ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის $2 მილიონი (მანათის ეკვივალენტში) გამოიყოფა. გამოყოფილ თანხას, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, კერძოდ აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შეძენისა და მიწოდებისთვის გამოიყენებს.

ალიევის გადაწყვეტილებას წინ რუსეთის მიერ უკრაინაში SOCAR-ის ობიექტების დაბომბვა უძღოდა. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბრისას ორივე ლიდერმა უკრაინაში აზერბაიჯანული SOCAR-ის ნავთობბაზასა და გაზგამანაწილებელ სადგურზე რუსეთის საჰაერო დარტყმები დაგმო. ალიევის განცხადებით, თავდასხმები აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე გავლენას არ იქონიებს.

უკანასკნელ წლებში აზერბაიჯანმა ომში მყოფ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების არაერთი პაკეტი გაუგზავნა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია აზერბაიჯანის ერთგულებისა ჰუმანიტარული პრინციპების მიმართ.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას 2000 წელს გაფორმებული „მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“, 2008 წლის „მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ და აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტების 2022 წლის ერთობლივი დეკლარაცია აკავშირებთ.

უკრაინისთვის დაფინანსების ახალ რაუნდს აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტრო უზრუნველოყოფს, ხოლო ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მინისტრთა კაბინეტი განიხილავს.