რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოსკოვის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტის მცდელობა არის “გზა, რომელიც არსად მიდის”. სერგეი ლავროვის ეს განცხადება ეხმიანება დასავლური სახელმწიფოების ძალისხმევას, უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე შეთანხმდნენ.
სერგეი ლავროვმა კონკრეტულად ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა, რომლებიც თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დონალდ ტრამპთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეხვედრებს ესწრებოდნენ.
“ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოებასთან, კოლექტიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების გადაჭრა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის გარეშე განხორციელდეს. ეს არ იმუშავებს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. – “მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში და უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებში კარგად ესმით, რომ რუსეთის ფედერაციის გარეშე უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსია უტოპიაა, გზა, რომელიც არსად მიდის”, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებსაც ეხმიანება, რომელთა თანახმად, ევროპელმა და ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკრინაში ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ვარიანტების კვლევა დაიწყეს.
ლავროვის კომენტარი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მისამართით ღია მინიშნებაც იყო, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად დასავლური ქვეყნების მთავრობებმა მოსკოვთან დისკუსიაც უნდა გამართონ.