ტრამპის ტარიფებისა და EU-ს რეგულაციების გავლენით, ევროპის საავტომობილო ინდუსტრია კრიზისშია

ტრამპის ტარიფებისა და EU-ს რეგულაციების გავლენით, ევროპის საავტომობილო ინდუსტრია კრიზისშია

სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, ევროპის ავტოინდუსტრია „სასიკვდილო საფრთხის“ წინაშეა და არსებობს რეალური „რისკი, რომ გლობალური ავტოინდუსტრიის მომავალ რუკაზე ევროპა ვეღარ ვიხილოთ“. როგორც სეჟურნე აღნიშნავს, გაყიდვების შეფერხებამ, ენერგორესურსებზე გაზრდილმა ფასებმა და გლობალურმა კონკურენციამ სექტორი სპირალურ კრიზისში ჩააგდო. ავტოინდუსტრიაში აქტუალური გამოწვევების მოსაგვარებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ავტოინდუსტრიის წამყვან აღმასრულებლებთან შეხვედრა უკვე დანიშნა.

პარასკევის შეხვედრა მიმდინარე წელს მესამე და უკანასკნელია, რომელიც კომისიის მიერ „ავტომობილების ინდუსტრიის მომავლის შესახებ სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებების სავარაუდო ხანგრძლივობა სამი საათია. გასულ გაზაფხულზე ევროკავშირმა სამრეწველო სამოქმედო გეგმაც დააინიციირა, რომელიც Horizon Europe-ის პროგრამის მიმდინარეობისას, ბატარეების კვლევისა და განვითარებისთვის, ასევე მწარმოებლებისთვის, ჯამში 2.8 მილიარდ ევროს გამოყოფს.

თუმცა, დარგის ექსპერტების შეფასებითვე, მსგავს ინიციატივასაც კი ავტოინდუსტრიის პერსპექტივა არ შეუცვლია. ავტომწარმოებლების ნაწილი ევროკავშირის 2035 წლის მიზანსაც აკრიტიკებს, რომელიც ელექტრომობილებაზე გადასვლას და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სრულად შეზღუდვას ითვალისწინებს. ამ საკითხზე, ACEA-სა და ევროპის ავტომობილების მომწოდებელთა ასოციაციის (CLEPA) პრეზიდენტებმა, ოლა კალენიუსმა და მათიას ცინკმა ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითაც მიმართეს.

როგორც წერილშია ნათქვამი, „ევროპის ტრანსფორმაციის გეგმა იდეალიზმს უნდა გასცდეს და არსებული სამრეწველო და გეოპოლიტიკური რეალობები აღიაროს“. ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით, ელექტრომობილებზე გადასვლისთვის ამ ეტაპზე EV-ების დამუხტვის დაბალი ენერგოხარჯი, შესყიდვების სუბსიდირების ზრდა და გადასახადების შემცირებაა საჭირო.

ამჟამად ევროპაში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების ბაზრის წილი დაახლოებით 15%-ზეა შენარჩუნებული. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ევროპის მასშტაბით, ამ ეტაპზე საკმარისი დამუხტვის სადგურებიც არ არსებობს და რეალურად, მათი 75% მხოლოდ სამ ქვეყანაში – ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაშია განთავსებული. შედეგად, ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 880,000 საჯარო დამუხტვის წერტილია ხელმისაწვდომი, რომელთა რაოდენობაც ACEA-ის შეფასებით, 2030 წლისთვის 8.8 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად, წლიურად 1.5 მილიონი დასამუხტი წერტილის დამონტაჟება იქნება საჭირო, რაც ზრდის ამჟამინდელ ტემპზე თითქმის ათჯერ მეტია.

ამას ემატება 2035 წლისთვის, ევროკავშირის CO2-ის ემისიის ნულოვანი სამიზნე ნიშნულის მიღწევის გეგმა, რაც, ACEA-ისა და CLEPA-ის პრეზიდენტების განცხადებით, არსებული რეალობით შეუძლებელია. ამის ნაცვლად, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები მოქნილ პოლიტიკას და სამიზნე თარიღის გადავადებას მოითხოვენ.

დამატებით, განსაკუთრებულ ზეწოლას ევროპელი ავტომწარმოებლები ბაზარზე გაზრდილი კონკურენციისგან განიცდიან, რომელიც ძირითადად ჩინური, შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების დომინირებიდან მომდინარეობს. მაგალითად, Germany Trade & Invest-ის მონაცემებით, გასულ წელს ჩინეთში 32 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიყიდა, რომელთაგან ნახევარი ელექტრო იყო. ამის პარალელურად, ევროკავშირში მხოლოდ 11 მილიონი, ხოლო აშშ-ში ყველა ტიპის 15 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ამ კვირაში მიუნხენში გამართულ IAA Mobility-ის ინდუსტრიულ შოუზეც, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, მონაწილე ჩინური კომპანიების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ევროკავშირის მკაცრ რეგულაციებს ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებიც ემატება, რომლებიც ევროპის საავტომობილო ინდუსტრიას მძიმე ზეწოლის ქვეშ აყენებს. ტრამპის ტარიფების გავლენა უკვე აშკარაა ევროპელ ავტომწარმოებლებზე – როგორც მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ასევე წარმოებაზე. მაგალითად, უმსხვილესი ევროპული ავტომწარმოებლის, Volkswagen Group-ის მოგება 2025 წლის პირველ ექვს თვეში მკვეთრად შემცირდა; საოპერაციო მოგებამ 6.7 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია.

კომპანიის განცხადების თანახმად, შემოსავლების შემცირება აშშ-ის ტარიფების ზრდით, 700 მილიონი ევროს ღირებულების რესტრუქტურიზაციის გეგმითა და დაბალი მარჟის მქონე სრულად ელექტრომობილების გაყიდვების ზრდით იყო გამოწვეული. ევროპის უმსხვილეს ავტომწარმოებელს შესაძლოა ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება მოუხდეს, რადგან 2025 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიის წმინდა ფულადმა ნაკადებმა -1.4 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამავდროულად, შემოსავლების განახლების ანგარიშში, Mercedes-Benz-მა 2025 წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგების 6.1 მილიარდი ევროდან 2.7 მილიარდ ევრომდე ვარდნა დააფიქსირა – რაც წლიურ ჭრილში 56%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის განცხადებით, მხოლოდ მეორე კვარტალში წმინდა მოგება 69%-ით შემცირდა, ხოლო შემოსავალი – წლიურად 10%-ით.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოწვეული სავაჭრო გაურკვევლობის ფონზე, გერმანული ავტომწარმოებლის პროგნოზით, აშშ-ის ტარიფები მის შემოსავალს სულ მცირე 360 მილიონი ევროთი შეამცირებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ძირითად ნაწილში, ევროპაში წარმოებული ავტომობილები აშშ-ში ექსპორტისას 27.5%-იანი ტარიფით იბეგრებოდა. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული უახლესი შეთანხმების შედეგად, პარასკევიდან იმპორტზე გადასახადი 15%-დან დაიწყება.

ევროპის საავტომობილო სექტორი პირდაპირ და ირიბად 13.8 მილიონ ადამიანს ასაქმებს, შედეგად, ევროკავშირში ყოველი 16 სამუშაო ადგილიდან ერთი ავტოინდუსტრიაზე მოდის. გარდა ამისა, მხოლოდ ავტომობილის საკუთრების გადასახადებიდან კი ევროკავშირის ხაზინაში წელიწადში დაახლოებით 428 მილიარდი ევრო შედის, რაც მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა  საზოგადოებრივი სერვისებისთვის და აღემატება ევროკავშირის მთლიან წლიურ ბიუჯეტს.