პოლონეთმა გაანეიტრალა რუსული დრონები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთმა გაანეიტრალა რუსული დრონები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისმა დანაყოფებმა ღამით რუსული დრონები გაანეიტრალეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ნატოს წევრი სახელმწიფო რუსეთის ქმედებას, გამოეყენებინა პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინაზე თავდასხმისთვის, „აგრესიის აქტს“ უწოდებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტზე დაუყოვნებლივ ეცნობა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. პოლონეთის მთავრობა ნატოს გენმდივანთან მუდმივ კონტაქტზეა. დონალდ ტუსკმა გამთენიისას მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია.

პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი რუსული კამიკაძე დრონი Shahed-ი შეფრინდა, რასაც პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდა. უწყების განცხადებით, განეიტრალებული დრონების ჩამოვარდნის პოტენციური ადგილების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დრონმა ლუბლინის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დააზიანა.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში დრონებით თავდასხმის გამო პოლონეთში დროებით დაიკეტა ვარშავის მოდლინისა და შოპენის, ასევე ჟეშუვისა და ლუბლინის საერთაშორისო აეროპორტები. მომხდარი ინციდენტის გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების მობილიზაციაც გამოცხადდა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალები მაზოვიეცკის, პოდლასკიესა და ლუბლინის მოსახლეობას ურჩევს, სახლში დარჩნენ. „ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე შეუქმნა“.

ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნატოს სამდივნოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.