უკრაინამ საჰაერო თავდაცვის რუსული სისტემა, $40-მილიონიანი Buk-M3 გაანადგურა

უკრაინამ საჰაერო თავდაცვის რუსული სისტემა, $40-მილიონიანი Buk-M3 გაანადგურა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14 სექტემბერს ზაპოროჟიის ოლქში, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა წარმატებით აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Buk-M3-ი. ცნობისთვის აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი მთავარი აქტივია, რომლის ღირებულებაც $40 მილიონის ფარგლებში მერყეობს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს განმარტებით, 9K317M Buk-M3-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიის ოლქში, მელიტოპოლის რეგიონში, ოლექსანდრივკასთან ახლოს გაანადგურეს.

Buk-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თვითმავალი, საშუალო მანძილზე მოქმედი, მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემაა, რომელიც საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში შექმნეს. მას შემდეგ საბჭოთა კავშირშიც და მოგვიანებით რუსეთში საზენიტო დანადგარის გაუმჯობესებული ვერსიები გამოუშვეს.

Buk-M3-ი კომპლექსის ყველაზე თანამედროვე ვერსიაა და მას რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპანია Almaz-Antey აწარმოებს. არსებული მონაცემებით, დანადგარს ერთდროულად 36 სამიზნის აღმოჩენა შეუძლია. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Buk-M3-ი ისეთი სამიზნეების გასანეიტრალებლად გამოიყენება, როგორებიცაა: საბრძოლო თვითმფრინავები, ვერტმფრენები, საკრუიზო რაკეტები და დრონები.

Buk-M3-ის განადგურების შესახებ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა მიმდინარე წლის მაისში, აპრილსა და თებერვალშიც განაცხადა. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სხვადასხვა მოდიფიკაციის 80-მდე Buk-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი დაკარგა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯამში 310-მდე ასეთ სისტემას ფლობს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.