ისტორიაში პირველად, Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. ცნობისთვის, ამჟამად $3-ტრილიონიანი კომპანიების რიგში Alphabet-თან ერთად Nvidia-ს, Microsoft-სა და Apple-ს ვხვდებით. მათი საბაზრო კაპიტალიზაცია, შესაბამისად, $4.33, $3.83 და $3.51 ტრილიონს შეადგენს.
საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის ბოლოსათვის Alphabet-ის A-კლასის აქციების ფასი – 3.8%-ით, ხოლო C-კლასის აქციების ღირებულება 3.7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში კომპანიის აქციათა ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 32%-ით არის გაზრდილი, რაც „შესანიშნავი შვიდეულის“ აქციებში საუკეთესო მაჩვენებელია. მეტიც, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს S&P 500-ის წლევანდელ ზრდასაც (12.5%).
ზოგადად, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად ფინანსური ანალიტიკოსები ინვესტორების მოლოდინს ასახელებენ, რომლის თანახმად, აშშ-ის ფედერალური რეზერვი მომდევნო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ტექნოლოგიების სექტორი ბოლო თვეების განმავლობაში ინვესტორებს შორის გამორჩეულად დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ქვესექტორებიდან კი წელს ყველაზე დიდი ყურადღება კომუნიკაციების მიმართულებაზეა მიპყრობილი, რომელიც 26%-ით გაიზარდა. ტექნოლოგიების სექტორი 11 სხვადასხვა ქვესექტორს აერთიანებს. Alphabet-ი კი სწორედ კომუნიკაციების ქვესექტორში შედის.
Alphabet-თან მიმართებით, ინვესტორთა განწყობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სასამართლომ კომპანიას Chrome-ის ინტერნეტ-ბრაუზერსა და Android-ის მობილურ საოპერაციო სისტემაზე კონტროლის შენარჩუნების უფლება მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება Alphabet-ისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან კითხვები კომპანიის საძიებო და მობილურ ეკოსისტემაში დომინირების შესახებ დიდი ხანია, არსებობს. ამ მიზეზით, კომპანიის წინააღმდეგ წარსულში კონკურენტებს არაერთი სარჩელი შეუტანიათ.