რუსეთში დაბადებული ყაზახი ბიზნესმენი ტიმურ ტურლოვი საქართველოში ბანკს ხსნის

რუსეთში დაბადებული ყაზახი ბიზნესმენი ტიმურ ტურლოვი საქართველოში ბანკს ხსნის

Forbes Kazakhstan-ის ინფორმაციით, რუსეთში დაბადებული ყაზახი ბიზნესმენი ტიმურ ტურლოვი საქართველოში ბანკის გახსნას  გეგმავს. კერძოდ, მას საკუთარი ყაზახური ბანკის Freedom Bank-ის შვილობილი კომპანიის დაფუძნება სურს.

როგორც ირკვევა, ტურლოვმა საქართველოში სააქციო საზოგადოება „FBG Company“ უკვე დაარეგისტრირა. საბანკო ლიცენზიის მიღებისა და ეროვნულ ბანკში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს. საბანკო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში კი აღნიშნული სააქციო საზოგადოება „FBG Company“ კომერციული ბანკი გახდება.

Forbes Kazakhstan-ის ცნობით, სს „FBG Company“-სა და შემდგომში „Freedom Bank Georgia“-ს საწესდებო კაპიტალი უკვე დამტკიცებულია და ის 5 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია 5 მილიონი ერთეული აქციის რეგისტრაციას გეგმავს, რომელთა ნომინალური ღირებულებაც 1 ლარი იქნება. გარდა ამისა, Freedom Bank Georgia-ს წესდების პროექტი და ბიზნესგეგმა, ასევე ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა უკვე დამტკიცებულია.

ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული ბანკის პოტენციური აღმასრულებელი დირექტორისა და მმართველი საბჭოს წევრების პოტენციური კანდიდატების სია უკვე არსებობს.

ყაზახურ Freedom Holdings-ს საქართველოში შვილობილი კომპანიის დასაარსებლად ფინანსური ბაზრებისა და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტებისაგან ნებართვა, ასევე ეროვნული ბანკისაგან საბანკო ლიცენზიის მინიჭებაზე თანხმობა სჭირდება.

ცნობისთვის, Freedom Bank-ი ყაზახეთში აქტივების მოცულობით მე-10 პოზიციას იკავებს. 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, ბანკის აქტივების ღირებულება $4.05 მილიარდია. ტიმურ ტურლოვი Freedom Holding-ის დამფუძნებელი და აქციების 70%-ის მფლობელია. 2025 წლის მაისში Forbes Kazakhstan-მა მისი ქონება $5.8 მილიარდად შეაფასა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.