ავღანეთის თალიბანის მთავრობასა და პაკისტანს შორის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები მიმდინარეობს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ყველაზე მძაფრი კონფლიქტია. შეტაკებებმა ორივე მხარეს ათეულობით მსხვერპლი გამოიწვია და რეგიონი კრიტიკული დაძაბულობის პირას მიიყვანა.
ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაძაბულობა წლებია, გარდამავალი ინტენსივობით მიმდინარეობს. ბოლო დღეებში სიტუაცია იმ ბრალდებების შემდეგ გამწვავდა, როდესაც ისლამაბადმა ქაბული ისლამისტური ჯგუფების, მათ შორის „თეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანისათვის“ (TTP), ავღანეთის ტერიტორიიდან მოქმედების ნების დართვაში დაადანაშაულა.
მრავალწლიანი დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ხელისუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო. საზღვარზე დაძაბულობამ იმატა და ორმხრივი სროლები, საარტილერიო დაბომბვები და დიპლომატიური უთანხმოება მნიშვნელოვნად გახშირდა.
ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების ესკალაციის მთავარი საბაბი პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე, ქაბულში განხორციელებული საჰაერო დარტყმები იყო. ავღანეთის დედაქალასა და რამდენიმე პრივინციაში TTP-ის ლიდერის, ნურ ვალი მეჰსუდის ლიკვიდაციის მიზნით რამდენიმე წერტილოვანი თავდასხმა განხორციელდა. პაკისტანის მთავრობის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. ავღანეთის მთავრობამ პაკისტანი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნულის საპასუხოდ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნების საზღვარზე პაკისტანის გამშვებ პუნქტებზე იერიში მიიტანა.
11 და 12 ოქტომბრის ღამეს, დურანდის ხაზზე, რომელიც ავღანეთისა და პაკისტანის 2,640-კილომეტრიან რთული რელიეფის მქონე საზღვარს წარმოადგენს, შეტაკებები დაიწყო. საზღვარზე მძიმე შეიარაღება, საარტილერიო დანადგარები, ტანკები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები ორივე მხარემ განათავსა. ავღანური თალიბანის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა 25-ზე მეტი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკავება შეძლო. სანაცვლოდ, პაკისტანის არმია აცხადებს, რომ 19 ავღანური სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა და თალიბანის პოზიციები გაანადგურა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობა ჯამში 300-ს აღწევს.
ავღანეთის მიერ საზღვარზე შეტევის განხორციელების საპასუხოდ, პაკისტანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორი უმსხვილესი გამშვები პუნქტი, თორხამი და ჩამანი დახურა, რის შედეგადაც კომერციული და სამოქალაქო მიმოსვლა შეჩერდა.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაპირისპირების დიპლომატიური გზით გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, რეგიონი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ომის პირასაა. დეესკალაციის მოწოდება უკვე გააკეთეს დიდმა რეგიონულმა აქტორებმა, საუდის არაბეთმა და კატარმა. მიუხედავად ამისა, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. გუშინ საქმეში ჩაერთო პაკისტანის საჰაერო ძალებიც, რომელმაც რამდენიმე ავღანური სამხედრო ობიექტი დაბომბა. თუმცა პაკისტანის მთავრობის განცხადებით, მათი ქმედებები თავდაცვითი ხასიათისაა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.