თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ევროპული საავიაციო ჯგუფების წარმომადგენლებმა საწყის შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მათი სატელიტების მწარმოებელი მიმართულებების გაერთიანებას ითვალისწინებს. წაგებიანი ბიზნესების შერწყმის მთავარი მიზანი ილონ მასკის სატელიტური კომპანიის, Starlink-ისათვის კონკურენციის გაწევა იქნება.
საკუთარი სატელიტური ბიზნესების გაერთიანებაზე ევროპული კომპანიები Airbus-ი, Thales-ი და Leonardo შეთანხმდნენ. აღნიშნული კომპანიები ახალ ერთობლივ ბიზნესს 2027 წლიდან დაიწყებენ, თუმცა მანამდე შეთანხმებას მწვანე შუქი ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა აუნთონ.
ფირმების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით 25,000 ადამიანს დაასაქმებს და $7.58 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს.
ახალი კომპანიის სააქციო წილები შემდეგნაირად განაწილდება: 35% – Airbus-ი; 32.5% – Thales-ი და 32.5% – Leonardo. კომპანიის ოპერირება ერთობლივად განხორციელდება, მმართველობითი სტრუქტურა კი დაბალანსებული იქნება. კომპანიებმა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყეს.
სამი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, შერწყმა ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს სტრატეგიული მნიშვნელობის კოსმოსში ევროპის ავტონომიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
















