ტრამპის თქმით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები Nvidia-ს მოწინავე ჩიპებს ვერ მიიღებენ

ტრამპის თქმით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები Nvidia-ს მოწინავე ჩიპებს ვერ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Nvidia-ს მოწინავე ტექნოლოგიის ნახევარგამტარები მხოლოდ ამერიკული კომპანიებისთვის შეინახება და მას ჩინეთი და სხვა ქვეყნები ვერ მიიღებენ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ტრამპმა CBS-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი განმარტებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის უკანასკნელი ტექნოლოგიის, Blackwell-ის ტიპის ჩიპები მხოლოდ ამერიკელმა მომხმარებლებმა უნდა მიიღონ.

დონალდ ტრამპის განცხადება შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკული ნახევარგამტარების ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გეგმავდეს. ჯერ კიდევ ივლისში წარმოდგენილი გეგმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებისათვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გადაცემის სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ჩინეთთან კრიტიკული ტექნოლოგიების მიმართულებით უპირატესობის მოპოვებაა.

საინტერესოა, რომ გასულ პარასკევს Nvidia-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, კომპანია სამხრეთ კორეას 260,000 ერთეულ Blackwell-ის ტიპის ჩიპებს მიაწვდის.

ტრამპის განცხადებამ კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, დართავს თუ არა პრეზიდენტი Nvidia-ს ნებას, ჩინეთს მიაწოდოს Blackwell-ის მოძველებული ვერსიის ჩიპები. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ შესაძლოა ნებართვა გასცეს. თუმცა ამ გადაწყვეტილების შესაძლებლობამ ვაშინგტონში დიდი კრიტიკა გამოიწვია. ჩინეთის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Nvidia-ს მოძველებული ტექნოლოგიაც კი ჩინეთს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განავითაროს.

ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე აღნიშნა, რომ შესაძლოა განხილვის ერთ-ერთი თემა ჩიპებიც ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ჩიპების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.