აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ინაუგურაციის შემდეგ 80,000-მდე არასაიმიგრაციო ვიზა გააუქმა. აღნიშნული სტატისტიკა ნათლად ასახავს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას, რის შესახებაც ის საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიისას აქტიურად საუბრობდა.
უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების დეპორტაცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში შეუჩერებლად ხორციელდება. საინტერესოა, რომ დეპორტირებულ მიგრანტებში ისეთებიც ხვდებიან, რომელთაც აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისთვის საჭირო ვიზა მოპოვებული ჰქონდათ.
გარდა გაცემული ვიზების გაუქმებისა, ტრამპის ადმინისტრაცია ახალი ვიზების გაცემაში დიდ სიმკაცრეს იჩენს. რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნებისმიერი ტიპის ახალი ვიზის გაცემისას კანდიდატი უფრო გაფართოებულ და სიღრმისეულ შემოწმებას გაივლის, მათ შორის – სოციალურ ქსელებში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის მონაცემებით, 80,000-მდე გაუქმებული ვიზიდან 16,000 ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან, 12,000 – თავდასხმასთან, 8,000 კი ქურდობასთან იყო დაკავშირებული.
შეგახსენებთ, აგვისტოში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა 6,000-მდე სტუდენტური ვიზა გააუქმა, რისი მიზეზიც სხვადასხვა სახის კანონდარღვევები, მათ შორის ვადაგადაცილება და „ტერორიზმის მხარდაჭერა“ იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზა, სულ მცირე, ექვს პირს გაუუქმა, რისი მიზეზიც სოციალურ ქსელებში ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაზე გამოთქმული მოსაზრებები იყო.
მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განმარტებით, ათასობით პირისათვის ვიზის გაუქმების საფუძველს ის წარმოადგენს, რომ აღნიშნული ადამიანები მონაწილეობას იღებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების საწინააღმდეგო აქტივობებში.















