აშშ-ის „შათდაუნის“ გამო მთავარ აეროპორტებში ფრენების რაოდენობა 10%-ით შემცირდება

აშშ-ის „შათდაუნის“ გამო მთავარ აეროპორტებში ფრენების რაოდენობა 10%-ით შემცირდება

აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ის 40 ამერიკულ მთავარ აეროპორტს ფრენების რაოდენობის 10%-ით შემცირების განკარგულებას მისცემს. აღნიშნულის მიზეზი აშშ-ის მთავრობის „შათდაუნია“, რომელიც უკვე 36-ე დღეა გრძელდება.

აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის განმარტებით, „შათდაუნის“ გამო ფრენების კონტროლის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, ამიტომაც გამოსავალი ფრენების რაოდენობის შემცირებაა. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ წნეხს წარმოადგენს ავიაკომპანიებისათვის, რომელთაც ფრენები მომდევნო 36 საათის განმავლობაში უნდა შეამცირონ და უკმაყოფილო მგზავრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

შონ დაფის განცხადებით, გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ დემოკრატი სენატორები რესპუბლიკელი კანონმდებლების შეთავაზებულ გეგმას დათანხმდებიან და აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობას გააგრძელებს.

აღნიშნული „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების უკვე ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა. „შათდაუნის“ გამო საჰაერო მიმოსვლის 13,000-მდე დისპეტჩერსა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის 50,000-მდე თანამშრომელს მუშაობა ხელფასის გარეშე უწევს.

აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფრენების შემცირებასა და სხვა მსგავს გადაწყვეტილებებს დემოკრატ სენატორებზე ბერკეტისთვის იყენებს, რათა რესპუბლიკელების გეგმაზე თანხმობა განაცხადონ. დემოკრატები კი ამტკიცებენ, რომ რესპუბლიკელები დამნაშავენი არიან იმაში, რომ უარს აცხადებენ ბიუჯეტის ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებებზე.

აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაციის მონაცემებით, „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერების კრიზისის გამო ათიათასობით ფრენა გადაიდო ან დაგვიანდა. ჯამში აღნიშნულის გამო კი 3.2 მილიონი მგზავრი დაზარალდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.