მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 57%-ითაა გაზრდილი. ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს გასულ თვეში, 6 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც $126,198 დააფიქსირა. ამჟამად კი Coinmarketcap-ზე კრიპტოვალუტა დაახლოებით $106,271-ად ივაჭრება.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. ტრამპმა ბიტკოინის პოპულარობა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიისას გაზარდა, როდესაც ერთ-ერთ დაპირებად ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის გადაწყვეტილება გააჟღერა. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი ამჟამად მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ინვესტორთა შორისაც ეწერება.
კრიპტოში ინვესტიციას ტრამპი მის მიერვე დაარსებული კომპანიის, Trump Media and Technology Group-ის საშუალებით ახორციელებს. კომპანია Nasdaq-ზეა დალისტული, თუმცა მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ $4 მილიონზე ნაკლებია. ამ წლის დასაწყისში ტრამპის კომპანიამ კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და კრიპტოვალუტაზე გადაერთო. მაისში Trump Media-მ სესხის სახით $2.3 მილიარდი მოიზიდა და აქედან $2 მილიარდი, მოგვიანებით, ბიტკოინის შესაძენად გამოიყენა.
შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ერთ დროს კრიპტოსკეპტიკოსი იყო, ახლა ვალუტის „მთავარ მცველად“ გვევლინება. საინტერესოა ისიც, რომ ტრამპის ქონების ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა 2024 წელს დაარსებულ კრიპტოპროექტ World Liberty Financial-ზე მოდის. როგორც ცნობილია, მხოლოდ WLF-ის 75%-იანი წილის მფლობელი DT Marks Defi LLC-ია, რომლის აქციებსაც ტრამპი თავის სამ ვაჟთან ინაწილებს. ამ უკანასკნელმა ტრამპის ქონებას $1 მილიარდზე მეტი შემატა.
გამომდინარე აქედან, კრიპტოვალუტით დაინტერესება დიდია პრეზიდენტის შვილების მხრიდანაც. დონალდ ტრამპ ჯუნიორმა, ბიტკოინში Trump Media-ის $2-მილიარდიან ინვესტიციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მომდევნო წელს კრიპტოვალუტის ღირებულების 35%-დან 60%-მდე ზრდა იწინასწარმეტყვება. ხოლო ერიკ ტრამპმა პროგნოზები 55%-მდე გაზარდა.
თუმცა აღნიშნულ განცხადებებს Trump Media-ს აქციების ღირებულების ვარდნა უძღოდა წინ. კერძოდ, მაისში ტრამპის სოციალური მედიის პლატფორმის აქციების ფასმა, 2024 წლის IPO-ს შემდეგ, 68%-იანი ვარდნა დააფიქსირა. შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტის ქონებაც $3.3 მილიარდით შემცირდა. ამის მიუხედავად, ტრამპმა, რომელიც კომპანიის 41%-იანი წილის მფლობელი და, შესაბამისად, უმსხვილესი აქციონერია, მომდევნო თვეში ბიტკოინში ინვესტიცია დააანონსა.
პირველი ივლისიდან 21 ივლისამდე პერიოდში, კოინზე $115,000-იანი ღირებულებით, Trump Media-მ ჯამში $2 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა – დამატებით $76 მილიონი დაფინანსების ხარჯები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასები სტაბილური დარჩა, მხოლოდ გასულ თვეში კი ბიტკოინის შეფასება 17%-ით დაეცა. შედეგად, ტრამპის $2 მილიარდის ბიტკოინი ახლა $1.7 მილიარდის ღირებულებისაა. აღნიშნული ვარდნის გავლენით, ტრამპის ქონება დამატებით $490 მილიონით, $6.7 მილიარდამდე შემცირდა.
ბიტკოინის ფასის ვარდნასთან ერთად, ფინანსური ზიანი პრეზიდენტის სოციალური მედიის ბიზნესსაც მიადგა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში პარასკევს წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, Trump Media and Technology Group-მა, 2025 წლის მესამე კვარტალში $973,000-ის შემოსავლით, $54.8 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა.
მაგრამ, წესით, ამას აშშ-ის პრეზიდენტი არ უნდა გაეკვირვებინა, რომელიც რიტორიკის შეცვლამდე, 2019 წელს, კრიპტოს რეალურ ფულის ერთეულად არ აღიარებდა და მას „არასაიმედოს“ და „ჰაერზე დაფუძნებულს“ უწოდებდა. ბიტკოინის ფასის ცვალებადომამ კი შესაძლოა აქციების ღირებულება – და პრეზიდენტის წმინდა ქონებაც – კვლავ გაზარდოს.
















