იტალურ მოდის სახლ Prada-სა და ამერიკულ Capri Holdings-ს შორის, Versace-ს შეძენასთან დაკავშირებული იურიდიული პროცესები დასრულებულია. ოფიციალურად, $1.5-მილიარდიანი გარიგების ფარგლებში, Versace იტალიურ კონკურენტ Prada-სთან გაერთიანდა.
ამერიკელი მფლობელებისგან მოდის სახლის გამოსყიდვაზე შეთანხმებას ხელი Prada-მ აპრილში მოაწერა. შესყიდვის გარიგების ღირებულება Prada-ს 112-წლიან ისტორიაში უმსხვილესია და მის კონკურენტ მოდის სახლს კვლავ იტალიურ მფლობელობაში აბრუნებს. Versace ჯგუფის ორ მთავარ ბრენდს – Prada-ს და უფრო პატარა, მაგრამ სწრაფად მზარდ Miu Miu-ს – შეუერთდება, რაც Prada-სთვის მკვეთრ სტრატეგიულ ცვლილებას ნიშნავს.
მილანში დაფუძნებული კომპანია Prada SpA მილიარდერი ბიზნესმენის, მიუჩა პრადასა და მისი მეუღლის, პატრიციო ბერტელის მმართველობაშია. მათი ვაჟის, ლორენცო ბერტელის განცხადებით, Prada-ს Versace-ს შეძენა რამდენიმე წლის განმავლობაში სურდა და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდში დაიწყო. ინტეგრაციის დასრულების შემდეგ ლორენცო Versace-ს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს.
Versace 1978 წელს, მილანში, ჯანი ვერსაჩემ დააარსა. მარტში, Prada-სთან გარიგების დაანონსებამდე მცირე ხნით ადრე, მისმა დამ, დონატელა ვერსაჩემ, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მის პოზიციაზე დარიო ვიტალე, Miu Miu-ს დიზაინის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა.















