მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX, მომდევნო წელს, კომპანიის აქციების საჯაროდ დალისტვისთვის ემზადება. თუმცა IPO-მდე, Reuters-ის ინფორმაციით, SpaceX კერძო დაფინანსების რაუნდში $800-მილიარდიანი შეფასების მიღწევას გეგმავს.
როგორც SpaceX-ის CFO ბრეტ ჯონსენი 12 დეკემბრით დათარიღებულ მიმართვაში ადასტურებს, კომპანიასა და არსებულ მეწილეებს შორის აქციების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. დამტკიცებული გეგმით, არსებული და ახალი ინვესტორები, ასევე თავად კომპანია, უფლებამოსილი აქციონერებისგან $2.56 მილიარდამდე ღირებულების აქციებს შეისყიდიან – თითო აქციაზე $421-ის ღირებულებით.
SpaceX-ის მიერ მომავალ წელს აქციების საჯაროდ დალისტვის შესაძლებლობაზე პირველად ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. IPO-სთვის მზადება დაადასტურა ჯონსენმაც, თუმცა დასძინა, რომ კონკრეტული დროები და შეფასებები ამ დროისთვის კვლავ დაუზუსტებელია.
Reuters-ის ინფორმაციით, IPO-მდე მასკის კომპანია დამატებით $25 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. გამოცემის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მასკის კომპანია IPO-ს მომავალ წელს, დიდი ალბათობით, $1-ტრილიონიანი შეფასებით განახორციელებს.
კომპანიას საჯაროდ დალისტვისკენ დიდწილად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტბიზნესის სწრაფი გაფართოება უბიძგებს. კომპანიის მიზანი IPO-ს შედეგად მიღებული ფინანსების კოსმოსური მონაცემთა ცენტრების აშენებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნახევარგამტარების შესაძენად გამოყენებაა.














