Forbes: რატომ გაიზარდა ტრამპის ქონება $140 მილიონით მადუროს დაკავების შემდეგ?

Forbes: რატომ გაიზარდა ტრამპის ქონება $140 მილიონით მადუროს დაკავების შემდეგ?

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციის ძალებმა, 3 იანვრის ღამით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მის მეუღლესთან ერთად, დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს. ამჟამად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს, ხოლო მადურო ბრუკლინში, მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრშია მოთავსებული.

კარაკასში ჩატარებული რეიდით, ერთი მხრივ, გაიზარდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა, რომელთა უმრავლესობამაც აშშ-ის მოქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. ხოლო მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მადუროს დაკავებამ დონალდ ტრამპს ფინანსური სარგებელიც მოუტანა. თუმცა, თეთრი სახლის ხელმძღვანელის სიმდიდრის ზრდა არა ნავთობს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამედ მის საკუთრებაში არსებულ აქტივებსა და კრიპტოვალუტას უკავშირდება.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ტრამპის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აქტივების ღირებულება საერთო ჯამში დაახლოებით $140 მილიონით გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტის ქონების ყველაზე დიდი ზრდა Trump Media and Technology Group-ში მის აქციებზე მოდის. კერძოდ, TMTG-ში ტრამპის 115 მილიონი აქციის ღირებულება, სამშაბათს, სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ, თითქმის $63 მილიონით იყო გაზრდილი, ვიდრე კარაკასის სპეცოპერაციამდე. ეს დაახლოებით 4%-იან მატებას წარმოადგენს.

TMTG-ის აქციების ფასის ზრდის რეალური მიზეზი კი ისაა, რომ კომპანია რამდენიმე სახის ბიზნესის გაერთიანებას წარმოადგენს. მათ შორის, TMTG-ის მფლობელობაშია ტრამპის სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ი. გარდა ამისა, გასულ თვეში, კომპანიამ ბირთვული ენერგიის მწარმოებელ TAE Technologies-თან გაერთიანებაზე $6-მილიარდიანი შეთანხმებაც გააფორმა და, პარალელურად, ბიტკოინში ინვესტირებასაც განაგრძობს.

რაც შეეხება ბიტკოინს, მადუროს დაკავების შემდეგ, მისი საცალო ღირებულებაც გაზრდილია. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი, აშშ-ის ძალების მიერ მადუროს აყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დეკემბრის საწყისი პერიოდიდან მაქსიმუმამდე გაიზარდა და $94,000-ს გადააჭარბა.

ამერიკული Forbes-ის დაშვებით, ტრამპის ქონების ზრდის კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორი შესაძლოა მისი საგარეო პოლიტიკა ყოფილიყო. ამ მიდგომით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მადუროს დაკავება შესაძლოა ტრეიდერებში ნდობის გამყარებისა და ტრამპის კომპანიებში ინვესტირების გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორად განვიხილოთ. მსგავსად ივნისის, როდესაც ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის ბრძანებიდან მეორე დღეს, TMTG-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა (თუმცა მაშინ ეს მატება გრძელვადიან პერიოდში არ შენარჩუნებულა).

პარალელურად, მადუროს დაკავებისა და აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 3 იანვრის ღამით, World Liberty Financial-ის ტოკენების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა – 15 ცენტიდან 18 ცენტამდე. აშშ-ის პრეზიდენტის უახლესი ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ტრამპების ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია DT Marks Defi LLC, WLF-ში, 22.5 მილიარდ ტოკენს ფლობს, მათგან 70% მხოლოდ ტრამპს ეკუთვნის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტოკენები დაბლოკილია, რაც მათით ვაჭრობასაც კრძალავს, ამერიკული Forbes-ი მათ შედარებით დაბალი ღირებულებით აფასებს. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ფასის მატებას, ტრამპის ტოკენების საერთო ღირებულება, სულ მცირე, $34 მილიონით მაინც უნდა გაეზარდა.

ტრამპის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აქტივი მისი მემკოინი, $TRUMP-ია. კარაკასის სპეცოპერაციის შემდეგ, მათი ღირებულებაც დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. 256 მილიონი განბლოკილი და 544 მილიონი დაბლოკილი ტოკენი, რომელთა ღირებულებაც, Forbes-ის შეფასებით, ჯამურად $45 მილიონით უნდა გაზრდილიყო – თუმცა ესეც, ლიკვიდურობისა და შედარებით დაბალი ღირებულების გათვალისწინებით.

გამომდინარე აქედან, ამერიკული Forbes-ის გაანგარიშებით, აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის ქონება, ვენესუელის სპეცოპერაციისა და მადუროს დაკავების შემდეგ, ქაღალდზე დაახლოებით $140 მილიონით უნდა გაზრდილიყო. ამჟამად გამოცემა ტრამპს $6.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში 580-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.