ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, ირანში, 28 დეკემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები თითქმის სამი კვირაა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ქვეყანაში თეოკრატიული მმართველობის ცვლილებას ითხოვენ, პროტესტის ნიშნად წვავენ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სურათებსა და ჰიჯაბებს. ხელისუფლება საპროტესტო აქციების ჩახშობას სისხლიანი დარბევებით ცდილობს. ამასთან ერთად, სიკვდილი მიესაჯა აქციაზე დაკავებულ 26 წლის ახალგაზრდას, ერფან სოლთანის.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ირანული ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2,571-ს მიაღწია. HRANA-ს განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია 2,403 მომიტინგისა და 147 მთავრობასთან დაკავშირებული პირის გარდაცვალების ფაქტი. დაღუპულთაგან თორმეტი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ცხრა პირი კი – მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
გუშინ, სამშაბათს, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, აქციაზე დაღუპულთა შესახებ პირველი განცხადება გააკეთა ირანულმა მხარემ. ქვეყნის ოფიციალური პირის ინფორმაციით, დემონსტრაციებზე დაღუპულთა რიცხვი 2,000-ს აღწევს.
ოპოზიციურმა ტელეარხმა Iran International-მა სამშაბათს განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, მიმდინარე დემონსტრაციებზე 12,000-მდე ადამიანია დაღუპული. ხოლო როგორც ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა ირანში, განუცხადა, აქციებზე მინიმუმ 12,000 და შესაძლოა 20,000-მდე ადამიანია დაღუპული. CBS-ის ცნობით, მათ ინფორმაცია ისლამური რესპუბლიკის შიგნიდან ზარებისთვის სატელეფონო ხაზების ხელახლა გახსნის შემდეგ მიიღეს.
პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ირანის სისხლიან დარბევებთან დაკავშირებული ვიდეოები, თუმცა მათი ნაწილის ავთენტურობა ამ დრომდე დადგენილი არაა. ერთ-ერთ ვიდეოში, სავარაუდოდ, აქციების დროს დაღუპულთა ცხედრები ჩანს. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა საავადმყოფოებში ჩაცხრილეს აქციისას დაჭრილი და დაშავებული პირები.
CBS News-მა დაადასტურა, რომ სამშაბათს ონლაინ გამოქვეყნებულ ვიდეოში, თეირანის გარეუბანში, ერთ-ერთ მორგში, პროტესტის დროს დაღუპული, სულ მცირე, 366 და სავარაუდოდ 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ჩანს. ხილული დაზიანებები მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულ ჭრილობებსა და სხვა მძიმე დაზიანებებს.
სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემონსტრანტების „უმოწყალო მკვლელობების“ შეწყვეტამდე ყველანაირი შეხვედრის გაუქმების შესახებ განაცხადა. ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენაც მოუწოდა და დახმარებაც აღუთქვა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 25%-იანი ტარიფები დაუწესა იმ ქვეყნებსაც, რომელთაც ირანის ხელისუფლებასთან ბიზნესურთიერთობა აკავშირებთ.
თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი აშშ-სა და ისრაელს ქვეყანაში არეულობის ესკალაციაში ადანაშაულებს. ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა აშშ-ს მოუწოდა, შეცდომების დაშვებისგან თავი შეიკავოს და დასძინა, რომ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები (ისრაელი), ასევე აშშ-ის ყველა ბაზა და გემი მათთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება.













