Hilton Batumi-ს გენერალურმა მენეჯერმა პატრიკ ნოთერმა მდგრადი სტუმარმასპინძლობის იდეა მისწრაფებიდან რეალობად აქცია: 2025 წელს სასტუმრომ 6 ტონაზე მეტი ნარჩენი გადაარჩინა ნაგავსაყრელზე მოხვედრას, ორი წლით ადრე კი კონკურენტი სასტუმროები საერთო გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გარშემო გააერთიანა და დაამტკიცა, რომ მდგრადობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ფინანსური კი არა, ემოციურია. ეს მიდგომა თანხვედრაშია Hilton-ის 2030 წლის გლობალურ მიზნებთან, თუმცა სტრატეგიის მიღმა მოტივაცია ბევრად ფუნდამენტურია: “უბრალოდ, ასეა სწორი”.
რა გზა გამოიარეთ, სანამ Hilton Batumi-ში მოხვდებოდით?
Hilton-ის ფარგლებში ჩემი პროფესიული გზა 2017 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში არაერთ ქვეყანაში, ხოლო Hilton-ს მოსკოვში ახალი სასტუმროს გახსნის მიზნით შევუერთდი. 2018 წელს სასტუმრო გავხსენით და ერთად გავიარეთ საწყისი პოზიციონირების პერიოდი, პანდემია და შემდგომ — აუცილებელი რეპოზიციონირების პროცესი. 2021 წლის ბოლოსთვის ახალი გამოწვევისთვის მზად ვიყავი, და, როგორც აღმოჩნდა, Hilton Batumi სწორედ ამ დროს ეძებდა გენერალურ მენეჯერს. ყველაფერი იდეალურად დაემთხვა.
საქართველო მანამდე წლების განმავლობაში იყო ჩემს რადარზე: მხიბლავდა ქართველებთან ის უშუალო და სასიამოვნო კომუნიკაცია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მქონია; მიყვარდა ქართული სამზარეულო, და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინოც. ამიტომ ამ შესაძლებლობას სიხარულით შევხვდი. Hilton Batumi-ზე გარკვეული წარმოდგენაც მქონდა, რადგან Hilton-ის შიგნით მჭიდრო კავშირები გვაქვს და ჩემს წინამორბედს ერთობლივი რეგიონული ინიციატივებიდან ვიცნობდი.
როდესაც ჩამოხვედით, უკვე გქონდათ წარმოდგენა, რა სტრატეგიით უნდა გემოქმედათ?
ჩემი აზრით, პირველი, რაც ახალ გარემოში მოხვედრისას უნდა გააკეთო, პაუზის აღებაა. ჯერ უნდა ნახო, როგორ მუშაობს სისტემა. თუ რამე არ არის გაფუჭებული, მისი შეკეთება არ სცადო.
ბიზნესი უკვე კარგად იყო აწყობილი, თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში ბაზრის აღდგენასთან ერთად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან დასასვენებლად ჩამოსული მომხმარებლების ნაკადის სახით. პირველი ზაფხული ერთგვარი „სტრეს-ტესტი“ იყო — მოგვიწია რეპოზიციონირება სრულიად ახალი დემოგრაფიული ჯგუფისთვის, არა მხოლოდ ჩვენს სასტუმროში, არამედ — მთელ ბაზარზე.
ამავდროულად, დავიწყე მდგრადი განვითარების საკითხების შესწავლა. ადგილზე გარკვეული პრაქტიკა უკვე არსებობდა. როდესაც კოლეგებს ვესაუბრე, მათი მხრიდან რეალური ინტერესი დავინახე. ზოგიერთი მათგანი იმედგაცრუებულიც იყო: სურდათ მეტის გაკეთება, მაგრამ არ იცოდნენ — როგორ. ეს თემა ჩემთვის იმდენი წელია, პრიორიტეტულია, რაც თავი მახსოვს.
თქვენ არაერთ ქვეყანაში გიმუშავიათ. როგორ შეაფასებდით საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების დონეს?

იმ ქვეყნებში, სადაც მიცხოვრია, საკმაოდ ფართო სპექტრი იყო მდგრადობის გაგებისა და მისი პრაქტიკული დანერგვის კუთხით: ნულოვანი დონიდან ღრმად ინტეგრირებულ სისტემებამდე. ამიტომ, ჩემს ახალ “სახლში” ძალიან გამახარა იმის გაგებამ, რომ მდგრადობის მიმართ ღიაობა უკვე არსებობდა. გუნდის წევრები მზად იყვნენ სიახლეებისთვის და ბაზარზე არსებული კოლეგებიც დაინტერესებულნი იყვნენ პროცესების დაძვრით.
2023 წლის დასაწყისში ვუმასპინძლე ღონისძიებას, სადაც სხვა სასტუმროების ხელმძღვანელებს მყარი ნარჩენების მართვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოვუწოდე. ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია მქონდა: გარდა პირდაპირი შედეგებისა, ზუსტად ვიცოდი, რომ დიდ მასშტაბზე ამ ინიციატივის განხორციელება დაეხმარებოდა ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც პლასტმასის ან შუშის გადამუშავებით იყო დაინტერესებული. ეს შექმნიდა კოლექტიური მოქმედების პლატფორმას — ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს იზოლირებულად ემუშავა.
ყველამ მაშინვე მოაწერა ხელი თუ წინააღმდეგობა შეგხვდათ?
ჩემს იდეებს ზოგი მეტი ენთუზიაზმით შეხვდა, ზოგი — ნაკლებით, მაგრამ საბოლოოდ ყველა დავითანხმე. მათ შევთავაზე პლატფორმა და დავაკავშირე კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (NGO), რომელიც პროცესებს დაძრავდა. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, ყველამ შეინარჩუნა თუ არა ეს ტემპი. მემორანდუმი ურთიერთგაგებაზე იყო აგებული და არა — ვალდებულებაზე. კოლეგებს დროდადრო ვხვდები, თუმცა არ მიკითხავს, როგორ მიდის მდგრადობის ინიციატივა. მე მათ შევთავაზე შესაძლებლობა და თუ ისინი კვლავ აგრძელებენ ამ გზას, შესანიშნავია.
Hilton-ის გლობალური სტრუქტურა რამდენად გაძლევთ ლოკალური მოქნილობის საშუალებას? ან რამდენად ითვალისწინებს საქართველოს ინფრასტრუქტურული ხარვეზებს?
Hilton-ს ჩამოყალიბებული აქვს 2030 წლის მიზნები: ჩვენი ხედვაა “Travel with Purpose“ (იმოგზაურე გაცნობიერებულად). ჩვენს კორპორატიულ კულტურაში წახალისებულია თავისუფალი აზროვნება: შეცვალე რეალობა უკეთესობისკენ. არსებობს საბაზისო მოთხოვნები, მაგრამ მეტის გაკეთებას არავინ გიშლის. ეს აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობ გარემოში, სადაც ნარჩენების მართვის ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურაზე წვდომა შეზღუდულია. გჭირდება ავტონომია შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოსაძებნად და არა მხოლოდ პუნქტების ფორმალურად გადახაზვა.
სტუმრებსა და პერსონალს რა როლი აკისრიათ მგრადობის პრინციპების დაცვაში?

გუნდის წევრების შემთხვევაში კეთილგანწყობა უკვე არსებობდა. ჩვენ გვყავს ცნობისმოყვარე, ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც სწავლა და განვითარება სურთ. ყველაზე დიდი ინვესტიცია ემოციური იყო. თუ ადამიანები პროცესში ემოციურად არ ჩაერთნენ, არაფერი გამოვა. ეს სიცხადე შიგნიდან უნდა მოდიოდეს.
დიდი დრო დავუთმეთ იმას, რომ ყველას გაეგო, რას ვაკეთებდით და — რატომ. ადამიანებს არ უყვართ გაურკვევლობა; მათ სურთ, იცოდნენ დიდი სურათი. მისიის ახსნის შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებზე უკვე მარტივად შევთანხმდით.
რაც შეეხებათ მომხმარებლებს, წამოვიწყეთ საინფორმაციო კამპანია. დავნერგეთ „ნულოვანი ნარჩენის“ საუზმის სექცია, სადაც ხილის კანს ჯემად ვაქცევთ, ხოლო გამოუყენებელ პურს — დესერტად. საუზმის სექციაში განვათავსეთ უზარმაზარი პოსტერი მკაფიო გზავნილით სხვადასხვა ენაზე: „გიყვარდეს საკვები — ნუ გაფლანგავ“. ასევე, ერთ-ერთ ლიფტში განვათავსეთ ვიზუალური ინფორმაცია, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი ჩვენი პრაქტიკები. ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ სტუმრებს ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა და მათი ცნობიერება ავამაღლოთ.
ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეული წერტილი “გაფლანგული” საკვებია — როდესაც ადამიანები იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ჭამენ და თეფშზე ტოვებენ. ამ შემთხვევაში ნარჩენების ხელახალი გამოყენება შეუძლებელია. ჩვენ ყოველდღიურად ვზომავთ საკვების ნარჩენებს: როგორც ორგანულ ნარჩენს, რომლის გადამუშავებაც შეგვიძლია, ისე — სტუმრების მიერ დატოვებულ ნარჩენს, რომელსაც ვეღარ გამოვიყენებთ.
მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორები უკვე ელიან ჩვენგან ასეთ ინიციატივებს: დროდადრო ვიღებთ მადლობის წერილებს და პირადადაც გვეუბნებიან ხოლმე. ეს უკუკავშირი ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით.
რა გამოწვევების წინაშე დადექით წყლის დაზოგვის კუთხით და როგორ გაუმკლავდით მათ?
დავამონტაჟეთ ეკო-საშხაპეები, რომლებიც ამცირებს წყლის ნაკადს ისე, რომ სტუმრის კომფორტს არაფერი დააკლდეს. ეს წყლის უპასუხისმგებლო ხარჯვის პრევენციაა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სტუმარი წყლის ნაკადთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვუხსნით, რომ ჩვენი მიზანი რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარებაა.
2023 წლის დასაწყისში შევქმენით ენერგოეფექტურობის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანებულები არიან დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა დეპარტამენტიდან (არა მხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელები). კომიტეტის ხელმძღვანელად ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ავირჩიეთ, რადგან ის თავისი პიროვნული თვისებებითა და ენერგიით ამ როლისთვის იდეალური იყო. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ხედავთ თუ არა Hilton Batumi-ში განახლებადი ენერგიის ინტეგრირების პოტენციალს?
ვიკვლევთ შემდეგ ნაბიჯებს და შესაძლოა 2026 წელს ჩავატაროთ ROI (ინვესტიციის უკუგების) ანალიზი, რათა დავნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. LED სისტემებისა და ტემპერატურის კონტროლის მეშვეობით ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 50%-ით შევამცირეთ, თუმცა გაუმჯობესების სივრცე ყოველთვის არსებობს.
სასტუმრომ 2025 წელს 6 ტონაზე მეტი ნარჩენი აარიდა ნაგავსაყრელს. როგორ შეძელით ამის გაკეთება?

ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ უზომოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიური კომუნიკაციაა: ყოველთვიური ფორმალური ანგარიშგება შედეგების შესახებ და ახალი გამოცდილების გაზიარება, რათა ადამიანებისათვის ეს თემა მუდმივად აქტუალური იყოს. შევისწავლეთ ნარჩენების გაზომვის ავტომატიზებული სისტემები და ტექნიკური აპლიკაციები, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ საუკეთესო პრაქტიკა მაინც მანუალური აღრიცხვაა, განსაკუთრებით — როცა საქმე საკვებს ეხება. ამ ეტაპზე ამოსავალი წერტილი მეტი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი კი არა, ადამიანების ჩართულობაა.
შუშის გადამუშავება ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა. პლასტმასას გადამუშავებაც კარგად მიდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა ლოკალურმა პარტნიორმა რეგიონში მუშაობა შეწყვიტა თბილისზე კონცენტრირების მიზნით. ახლა აქტიურად ვეძებთ ახალ პარტნიორს პლასტმასას გადასამუშავებლად.
რომელი მიღწევით ამაყობთ ყველაზე მეტად?
სასტუმროს დონეზე ცნობიერების ამაღლებით. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ინვესტირებულმა დრომ და ენერგიამ შედეგი გამოიღო. ასევე მნიშვნელოვანი იყო 2023 წელს ახალი მოძრაობის ინიცირება ბათუმში და სხვა სასტუმროებთან კოორდინირება. მე მათ გავუზიარე კონტაქტები და საერთო პლატფორმა შევქმენი. იმედი მაქვს, რომ კვლავ აგრძელებენ ამ საქმეს, რადგან თუ ეს ასეა, ყველა ჩვენგანი იგებს.
გარდა ამისა, ჩვენ ფასდაუდებელ პარტნიორად ვიქეცით იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მდგრადობის მიმართულებით მუშაობენ. ვმონაწილეობთ ფორუმებში, პანელურ დისკუსიებში, წარმოდგენილი ვართ კონფერენციებზე. ვიცი, რომ თბილისში რამდენიმე ელჩი საუბრობს იმაზე, რასაც ვაკეთებთ, რადგან პერიოდულად გვყავს სტუმრები, რომლებსაც კონკრეტულად ჩვენი სტრატეგიის გაცნობა სურთ. ეს Hilton Batumi-ს პასუხისმგებლიან პარტნიორად აქცევს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ მაგალითი მკაფიო გზავნილით: თუ ჩვენ შეგვიძლია, ყველას შეუძლია. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი.
რა განაპირობებს თქვენს პირად ერთგულებას ამ საქმისადმი?
როდესაც ვინმე მეუბნება, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია, მოტივაცია მემატება, რომ საპირისპირო დავამტკიცო. წინა პოზიციებზე მუშაობისას ვხედავდი ნარჩენების ხელახალი გამოყენების, გადამუშავების შესაძლებლობებს, თუმცა ხშირად ვაწყდებოდი წინააღმდეგობას ცვლილებების მიმართ. იქ, სადაც გარკვეული მიდგომები უკვე არსებობდა, სიამოვნებით ვნერგავდი ახალ იდეებს და ვსწავლობდი სხვების გამოცდილებაზე დაკვირვებით.
საქართველოში, ბათუმში ჩამოსვლა და იმ ადამიანების პოვნა, რომლებმაც სიხარულით მიიღეს ჩვენი ინიციატივები, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება იყო.
როგორ აუხსნიდით ამ ყველაფრის მიზანს ადამიანს, ვინც სტუმარმასპინძლობის სფეროს ღრმად არ იცნობს, ან თუნდაც ბავშვს?
ეს უბრალოდ სწორი საქციელია. ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ — ეს პასუხისმგებლიანი მიდგომაა. აკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია და შემდეგ თავად ხდები მოდელი სხვებისათვის.
ეს ჩვენი კიდევ ერთი მიღწევაა: სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად ვიქეცით და ეს ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემზე მეტად მნიშვნელოვანია.
არის რამე მნიშვნელოვანი, რაც არ გვიხსენებია?
დიახ. ყველაზე დიდი ინვესტიცია ემოციურია: აუცილებელია ადამიანების აზროვნების შეცვლა. სწორედ ეს განაპირობებს მდგრად წარმატებას და არა კაპიტალური დანახარჯები. სიცხადე და ემოციური მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა Hilton Batumi-ს „მწვანე გზასთან“ დაკავშირებით?
ჩვენი ხედვა Hilton-ის 2030 წლის მიზნებს ემთხვევა. გავაგრძელებთ ძიებას, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მომავალში შევინარჩუნებთ ყოველდღიურ კომუნიკაციას, წარმატებებს გუნდთან ერთად ვიზეიმებთ და ამას მივუდგებით, როგორც ცოცხალ პროცესს და არა — ფორმალურ დავალებას. ეს გზა ვითარდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, ახალი პარტნიორების გამოჩენასა და ჩვენი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად. პროცესი არასოდეს სრულდება და ასეც უნდა იყოს.
რედ. შენიშვნა: Hilton Batumi აქტიურად ეძებს პლასტმასის გადამუშავების პარტნიორს აჭარის რეგიონში. კომპანიებს ან პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ამ მიმართულებით დახმარება, შეუძლიათ, სასტუმროს პირდაპირ დაუკავშირდნენ.















