შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) იმართება. ზამთრის სესიაზე მიწვეულ სპიკერებსა და დამსწრეებს შორის არიან მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნესსფეროს წარმომადგენლები. ფორუმი 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. WEF-ის ფარგლებში ჩატარებული 200-ზე მეტი სესიის დროს განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი: დაწყებული გეოპოლიტიკით, დასრულებული ხელოვნური ინტელექტითა და კლიმატის ცვლილებებით.
წარმოდგენილი თემების მიუხედავად, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება დავოსის ფორუმის მიმდინარეობაზე წელსაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას ექცევა, რომელიც ტრამპის მიერ გრენლანდიის შემოერთების სურვილსა და წლის დასაწყისში, ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას შეეხება. გამომდინარე აქედან, წლევანდელი WEF-ის ყურადღების ცენტრშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელიც დავოსში სიტყვით გუშინ გამოვიდა და შემდეგ რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან ცალკეული შეხვედრები გამართა.
როგორც დასავლური მედიები აღწერენ, ფორუმზე ბიზნესმაგნატებისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე ტრამპის მიერ გაჟღერებული განცხადებები ქედმაღლური და აგნოსტიკური იყო. ტრამპი დროდადრო ევროპის ქვეყნებს აშშ-სგან მიღებულ სარგებელს ახსენებდა და გაკვირვებას გამოთქვამდა იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც გრენლანდიის საკითხს მოჰყვა. ტრამპმა ქვეყნების ლიდერები უკონტროლო მიგრაციის ხელშეწყობაშიც კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და არც იმის თქმას მორიდებია, რომ ევროპა არასწორი მიმართულებით მიდის. „მე მიყვარს ევროპა, მსურს აყვავდეს, თუმცა ის სწორი მიმართულებით არ მიდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მკაცრი ტონის მიუხედავად, ევროპელი ლიდერებისთვის შვების მომგვრელი იყო ტრამპის დაპირება, რომ ის გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას სამხედრო ძალის გამოყენებით არ შეეცდება. აღნიშნულ დაპირებას რამდენიმე საათში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპის კიდევ ერთი განცხადება მოჰყვა, ამჯერად – გრენლანდიასთან დაკავშირებით „სამომავლო შეთანხმების ჩარჩოს“ მიღწევის თაობაზე. ამასთან ერთად კი აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპის გარკვეული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარაც უკან წაიღო.
საკითხის ამგვარად გადაწყვეტა შვება იქნება იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ტრამპთან დაძაბული დიპლომატიური დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ, რათა პოტენციური ომი თავიდან აეცილებინათ. ტარიფებისა და გრენლანდიის შესახებ განცხადება დადებითი შედეგის მომტანი იყო საფონდო ბირჟებისთვისაც, მაგალითად, Nasdaq-ის ინდექსი ვაჭრობის პიკურ მონაკვეთში 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო Dow Jones Industrial Average-მა 677-პუნქტიანი, ანუ 1.4%-იანი ზრდა დააფიქსირა.
გრენლანდიის საკითხზე ჩარჩოშეთანხმების განხილვას მიესალმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი და პლატფორმა X-ზე დაწერა: „დღე იმაზე უკეთეს ნოტზე დასრულდა, ვიდრე დაიწყო“. ამის მიუხედავადაც, ტრამპი ევროპელების კრიტიკას არ მორიდებია და არაერთგზის აღნიშნა, რომ, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები „ვერაფერს გამოიმუშავებდნენ“. მათ შორის, ტრამპის განცხადებები პირდაპირ იყო მიმართული მასპინძელი ქვეყნის, შვეიცარიისკენ, რომელსაც ტარიფებზე მოლაპარაკებები გაახსენა, კანადაზე კი თქვა: „ისინი მადლიერები უნდა იყვნენ, თუმცა ასე არაა“. „კანადა შეერთებული შტატების წყალობით ცხოვრობს. გახსოვდეს ეს, მარკ, შემდეგ ჯერზე, როცა განცხადებებს გააკეთებ“, – თქვა ტრამპმა.
რა თქმა უნდა, ამ გადახვევების მიღმა ტრამპს არც ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა, კლიმატური კრიზისი დავიწყებია, რომლის მიმართაც აშშ-ის პრეზიდენტი დიდი სკეპტიციზმით გამოირჩევა. საკითხზე საუბრისას ტრამპმა „შეცდომით“ ჩინეთი ქარის წისქვილების არარსებობის გამო შეაქო, ხოლო ქვეყნებს, რომლებიც ენერგიისთვის ქარის რესურსებს ეყრდნობიან, „სულელები“ უწოდა.
თავად კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დავოსის ფორუმზე ერთი დღით ადრე გამოჩნდა და კონკრეტული, ტრამპისთვის არასიამოვნო განცხადებებიც გააკეთა. კარნის თქმით, „ახალი წესრიგი დიდი ძალების მეტოქეობის გამწვავების სისტემაა, სადაც ყველაზე ძლიერები თავიანთი ინტერესების გატარებას ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების გამოყენებით ცდილობენ“. კანადის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნოსტალგია სტრატეგია არაა“ და „ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება“.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უკვე გამოჩნდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც გამოსვლის მთავარი აქცენტი ევროპის დამოუკიდებლობაზე გააკეთა და ამტკიცებდა, რომ გეოპოლიტიკური შოკები და ძლიერი ცვლილებები სიკეთის კატალიზატორად უნდა იქნას განხილული და არა კატაკლიზმად. „გეოპოლიტიკური შოკები შეიძლება – და უნდა – იყოს ევროპისთვის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, სეისმური ცვლილებები, რომლებსაც დღეს განვიცდით, სინამდვილეში შესაძლებლობაა ახალი ფორმით ევროპული დამოუკიდებლობის შესაქმნელად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ამერიკელ ხალხს არა მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებად, არამედ მეგობრებადაც მივიჩნევთ“, – თქვა მან შერიგების ტონსა და თავდაჯერებულობას შორის ბალანსის დაცვით. ამის შემდგომ ფონ დერ ლაიენმა ყურადღება ბლოკის მიერ მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებებზე, სამართლიან ტარიფებსა და მდგრადობის ექსპლუატაციაზე გაამახვილა და დასძინა, რომ კიდევ უფრო მეტი სავაჭრო შეთანხმება, მათ შორის ავსტრალიასთან, ფილიპინებთან, ტაილანდთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ინდოეთთან, მუშაობის პროცესშია.
ევროპამ, საკუთარი ინტერესების დასაცავად, არსებული ინსტრუმენტების გამოყენება „არ უნდა გადადოს“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა, რომელიც აუდიტორიის წინაშე ავიატორის სათვალით წარდგა, შეფარვით განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები ევროპაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ და ევროპას წამყვან სექტორებში ინოვაციებისა და კერძო ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავადაც, მაკრონი ტრამპისადმი პირდაპირ მიმართვას თავს არიდებდა, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ის პრეზიდენტზე, რომელიც მეორე დღეს მაკრონის „ლამაზ მზის სათვალესაც“ შეეხო და თქვა კიდეც, რომ მას მაკრონი მოსწონს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: „მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დროა“, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა. „მიუხედავად ამისა, ჩვენ მივუახლოვდით არასტაბილურობასა და დისბალანსს“, – დასძინა მაკრონმა და განაცხადა, რომ „კონფლიქტი ნორმალიზდა“. „ჩვენ პატივისცემას მოძალადეებზე მაღლა, ხოლო კანონის უზენაესობას სისასტიკეზე მაღლა ვაყენებთ“, – დასძინა მან ბოლოსკენ.
ცნობისთვის, დღეს დავოსში ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. აშშ-ის ელჩმა სტივ უიტკოფმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესი“ იქნა მიღწეული, თუმცა საბოლოო საკითხები შესათანხმებელია.
ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში თქვა, რომ ის დავოსში ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრებოდა და კიევში, ენერგეტიკულ კრიზისზე სამუშაოდ დარჩებოდა. უკრაინის ლიდერმა შვეიცარიაში ჩასვლის ერთადერთ მიზეზად კი ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაასახელა, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომისშემდგომი რეკონსტრუქციის დაფინანსებას მოიცავდა.
ოთხშაბათს ტრამპმა დავოსში ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა და განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა. ამის მიუხედავადაც, საინტერესოა ის თემები, რომლებიც ტრამპმა უშუალოდ უკრაინასთან დაკავშირებით დავოსში გამოსვლისას წამოჭრა. რუსეთის ომისა და ნატოს თემაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის „დიდი, ლამაზი ოკეანეა“ და რომ აშშ-ს „ამასთან საერთო არაფერი აქვს“.
პრეზიდენტმა იკითხა, თუ რა მიიღო მისმა ქვეყანამ უკრაინაში ომის დასრულების მცდელობით, „გარდა სიკვდილისა, ნგრევისა და უზარმაზარი თანხებისა, რომლებიც იმ ადამიანებისთვის მიდის, რომლებიც არ აფასებენ იმას, რასაც ამერიკა აკეთებს?“ შემდგომ კი ტრადიციულად გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არც დაიწყებოდა და ნატოსა და ევროპას ამ საკითხზე მუშაობისკენ მოუწოდა.
















