ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის განცხადებით, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების, აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ.
იხილეთ ასევე: Vivat Academia: რეფორმა თუ კონტროლი?
მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით მართვის დროებითი ორგანო – საბჭო შეიქმნება. დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებენ. მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, აკადემიური კადრების ან/და სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტების შემცირება არ იგეგმება.
დამატებით, სამინისტრო წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობასაც შემოიღებს. თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები დაინიშნებიან, რომლებიც, მიქანაძის თქმით, უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
„ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალე, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიქანაძემ ბრიფინგის დასასრულს.















