გასულ კვარტალში Meta-ს შემოსავლები 24%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში Meta-ს შემოსავლები 24%-ით გაიზარდა

FactSet-ის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ, $59.8 მილიარდის შემოსავალი და აქციაზე $8.88-ის მოგება მიიღო, რაც წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 24%-იანი და 11%-იანი ზრდაა. შედეგად, Meta-მ გადააჭარბა Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც $51.2 მილიარდის შემოსავალსა და აქციაზე $8.21-ის მოგებას ვარაუდობდნენ.

ე.წ. „სუპერინტელექტის“ განვითარების გეგმების ფარგლებში, Meta-მ 2025 წლის ოქტომბერში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯები გაზარდა. გასულ კვარტალში კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა $22.14 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების $21.8-მილიარდიან პროგნოზს აღემატება. Meta-ს განცხადებით, 2026 წელს კაპიტალური ხარჯები, გასული წლის $72.2 მილიარდიდან, $115-$135 მილიარდამდე გაიზრდება.

დადებითი ფინანსური შედეგების გამოქვეყნების გავლენით, ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში Meta-ს აქციების ღირებულება 3.6%-ით გაიზარდა.

Meta-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალური ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანია აქტიურად ემზადება „სუპერინტელექტის“ განსავითარებლად, რაც Meta-ს ფართომასშტაბიანი AI-გეგმის ნაწილია.

ცნობისთვის, AI-ზე ფოკუსირების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციით, Meta-მ Reality Labs-ის 1,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. დეკემბერში გაკეთებული განცხადების თანახმად, Meta ინვესტიციების ნაწილის Metaverse-დან AI-ზე მომუშავე სათვალეებზე გადატანასაც გეგმავს.