ტრამპის არჩევის შემდეგ, Bitcoin-ის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ტრამპის არჩევის შემდეგ, Bitcoin-ის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა, გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კლება განიცადა. ამჟამად კრიპტოვალუტა $71.730-ად ივაჭრება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაშინ, როდესაც ბოლო წლის განმავლობაში მისი ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ არჩევნებში ტრამპის გამარჯვება იყო.

ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ბიტკოინის სწრაფი ზრდის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ის ოპტიმიზმი იყო, რომელიც დერეგულაციებს და ციფრულ აქტივებზე ზედამხედველობის უფრო ნაკლებად მკაცრ პერსპექტივებს ჰქონდა. გარდა ამისა, საპრეზიდენტო კამპანიისას და გამარჯვების შემდეგაც ტრამპი სახელმწიფოსთვის ბიტკოინის მნიშვნელობის ზრდას აქტიურად ლობირებდა. მანვე შექმნა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვიც, რომლის კაპიტალადაც ის ბიტკოინი გამოიყენეს, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ კრიმინალებს ჩამოართვა.

ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, ბიტკოინის ღირებულების შემცირება რაიმე კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება, არამედ ინვესტორთა ზოგად განწყობას მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე ტრადიციულ აქტივებთან დაბრუნების შესახებ. ზოგი მოსაზრებით, ბიტკოინის ფასის გუშინდელი შემცირების მიზეზი შესაძლოა ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის კანდიდატად კევინ უორშის დასახელება ყოფილიყო.

შეგახსენებთ, ბიტკოინმა რეკორდულ ნიშნულს 2025 წლის 6 ოქტომბერს მიაღწია, როცა მისი ღირებულება $126,198-ს გაუტოლდა. ამჟამად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.43 ტრილიონს შეადგენს, მიმოქცევაში კი 19.98 მილიონი ბიტკოინია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.