ფოტო: pbservices.ge
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები წარადგინა. კვოტების გადანაწილება, რომელიც „ოცნების“ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება, მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ განაცხადა, რომ კვოტების გადანაწილების ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, კერძო სექტორთან კონსულტაციებით მიღებულ შრომის ბაზრის ანალიზს ეფუძნება. მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტების მიერ სტუდენტთა მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
მაგალითისთვის, ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტებზე, სხვადასხვა უნივერსიტეტში, წლიურად საშუალოდ 3,598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2,047 ამთავრებდა. ამის პარალელურად კი, მიქანაძის განცხადებით, შრომის ბაზარზე იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა 700-ზე ნაკლებია.
იხილეთ ასევე: Vivat Academia: რეფორმა თუ კონტროლი?
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებს მხოლოდ შემდეგ სპეციალობებზე მიიღებენ:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის, ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
გივი მიქანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.
„იმისათვის, რომ მკვეთრად არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად სამართალზე, წელს უნივერსიტეტებში ჩასარიცხი კონტინგენტი შუალედური რაოდენობით განისაზღვრება. რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების დუბლირების თავიდან აცილებას“, – განაცხადა მიქანაძემ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე მიმართვისას მიქანაძემ ასევე თქვა, რომ გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19,311 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2,000 სტუდენტით გაიზრდება და 21,300-ით განისაზღვრება. დამატებით, პროფესიულ პროგრამებზე უფასოდ სწავლას 10,000-მდე სტუდენტი შეძლებს.
მიქანაძის განმარტებითვე, სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული გამოცდების შედეგებით ბოლო ადგილზე თანაბარი ქულებით ორი ან მეტი სტუდენტი მოხვდება. ასევე, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.
„აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედაუნივერსიტეტის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. ყველა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული“, – განაცხადა მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან ერთად, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე მიქანაძემ უპასუხა, რომ უნივერსიტეტებმა კვოტების გადანაწილების შესახებ დღევანდელი ბრიფინგიდან შეიტყვეს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათთან კომუნიკაცია მიმდინარეობდა და ეს, წესით, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.
მიქანაძის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და განაცხადა, რომ საბჭოები უკვე იკრიბებიან. პარალელურად, საპროტესტო აქცია დააანონსა ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამაც.
„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში. გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის – არა მხოლოდ ახლა! P.S. საბჭოები ახლა იკრიბებიან“, – წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თსუ-სთან აღარ გაერთიანდება
შეგახსენებთ, დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განათლების უმაღლეს საფეხურზე დაფინანსების ახალი სისტემაც დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. დაფინანსება შეეხებათ მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებსაც. დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე დაფინანსება აღარ გაიცემა. კერძო სასწავლო დაწესებულებების მოქმედ სტუდენტებს გრანტი, იმავე ოდენობითა და პირობებით, 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით გაუგრძელდებათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებაც გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, გადაწყვეტილება უკან წაიღო. კობახიძის თქმით, სტუ, ნაცვლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებისა, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის შესაბამისად, წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთდება და ჰუმანიტარული ფაკულტეტები ჩამოშორდება.














