მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) იურიდიული მრჩეველი და გენერალური ადვოკატი, ტამარა კაპეტა, 2023 წელს ევროკავშირის ფონდიდან უნგრეთისთვის გამოყოფილი €10.2 მილიარდის ანულირებას ითხოვს. სასამართლო დასკვნის თანახმად, უნგრეთს თანხების მისაღებად ყველა საჭირო ეტაპი არ შეუსრულებია.
ევროკავშირის ფონდიდან უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების დიდი ნაწილი კორუფციასა და კანონის უზენაესობის დარღვევებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო გაიყინა. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მართლმსაჯულების რეფორმებზე მოთხოვნები შეასრულა, ევროკომისიამ აკრძალვა გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით ევროპარლამენტმა გააკრიტიკა და 2024 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კომისიამ გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის გადამწყვეტი სამიტის წინ მიიღო, რომელზეც უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე ვეტოს დადებითა და კიევთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვით იმუქრებოდა.
სამიტის მიმდინარეობისას ორბანმა ოთახი მცირეხნიანი შესვენებისთვის დატოვა და ევროკავშირის დანარჩენ 26 ლიდერს გაწევრიანების მოლაპარაკებების დამტკიცების საშუალება მისცა. 2024 წლის თებერვალში გამართულ რიგგარეშე სამიტზე კი უნგრეთმა დახმარების პაკეტზე ვეტო მოხსნა.
ვეტოს მოხსნის შემდეგ ევროპარლამენტარების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთთან შეთანხმებას სწორედ გაყინული თანხების გამოთავისუფლებით მიაღწია. თუმცა კომისიამ მსგავსი გარიგების არსებობა კატეგორიულად უარყო. გენერალური ადვოკატის ეს მოსაზრება გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც სასამართლო პროცესი გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ უნგრეთისთვის ფინანსური სახსრების გადაცემა წესების დარღვევით განხორციელდა, კომისიას შეუძლია უნგრეთისგან თანხების დაბრუნება ან მომავალი გადახდებიდან მათი გამოქვითვა მოითხოვოს.
















