ფოტო: Red Cat
Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX, თავის შვილობილ კომპანია xAI-სთან ერთად, პენტაგონისთვის ხმოვანი მართვის ავტონომიური დრონების დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის წარმოებისთვის ახალ, გასაიდუმლოებულ ტენდერში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-ის ცნობით, მასკის კომპანიები იანვარში დაწყებულ $100-მილიონიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ კომპანიებს შორის არიან. ტენდერი, სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება და მისი მიზანი დეცენტრალიზებული მოწინავე ტექნოლოგიის შექმნაა, რომელსაც ხმოვანი ბრძანებების ციფრულ ინსტრუქციებად გარდაქმნა და მათი საშუალებით ერთდროულად რამდენიმე დრონის მართვა შეეძლება.
შეგახსენებთ, SpaceX-მა მასკის საკუთრებაშივე არსებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ამ თვის დასაწყისში შეიძინა. კომპანიების გაერთიანება SpaceX-ის მიერ მიმდინარე წელს დაანონსებულ IPO-მდე ხდება, რომელზეც მილიარდერი საკუთარი კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსებას, სავარაუდოდ, $1.5-ტრილიონიანი ღირებულებით გეგმავს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დრონების განვითარებისა და განლაგების დაჩქარებისთვის ახალი სტრატეგია გასულ წელს წარადგინა. გეგმა ბიუროკრატიის შემცირებასა და დრონების შიდა წარმოების გაძლიერების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. აშშ ასევე ეძებს უსაფრთხო და ეკონომიურ გზებს დრონების გასანეიტრალებლად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად გახდა.
ილონ მასკის xAI-მ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის (DOD) მოწინავე AI-მოდელების მიწოდებაზე კონტრაქტი გასულ წელსაც მოიპოვა. მასკის AI-სტარტაპთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კონტრაქტები კიდევ სამ კომპანიასთან: Anthropic-თან, Google-თან და OpenAI-სთან გააფორმა. DOD-ის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ინდივიდუალური ღირებულება $200 მილიონს შეადგენდა.
ცნობისთვის, მასკი AI-სა და რობოტიკის მკვლევართა იმ ჯგუფის წევრებს შორის იყო, რომელთაც 2015 წელს „ავტონომიური შეტევითი იარაღის“ გლობალური აკრძალვის მხარდამჭერი ღია წერილი გამოაქვეყნეს. ამ ნაბიჯით ისინი „ადამიანების მკვლელობის ახალი ხელსაწყოების“ შექმნას უპირისპირდებოდნენ.















