ფოტო: Sumit Dayal—Bloomberg/Getty Images
ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის საკუთრებაში არსებული კონგლომერატი, Adani Group-ი, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის 2035 წლამდე $100 მილიარდს დახარჯავს. ჯგუფის განცხადებით, ელექტროინფრასტრუქტურის კომპონენტების, Cloud-პლატფორმებისა და დამხმარე ინდუსტრიების მხარდასაჭერად დამატებით $150 მილიარდის გამოყოფაც განიხილება.
Adani Group-ის თავმჯდომარის, გაუტამ ადანის განცხადებით, ინდოეთის ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე ორიენტირებული ხუთშრიანი AI-სისტემის გაფართოების მიზნით, მათი კომპანია მონაცემთა ცენტრებსა და მწვანე ენერგიაში ინვესტირებას მომავალშიც გააგრძელებს. შედეგად, ინდოეთი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ AI-ის შემქმნელი და ექსპორტიორი სახელმწიფო იქნება.
ახალ პროექტზე Adani Group-ისა და აშშ-ში დაფუძნებული მონაცემთა ცენტრის ოპერატორის, EdgeConneX-ის ერთობლივი საწარმო, AdaniConnex-ი იმუშავებს. AdaniConnex-ი ინდოეთში 2 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრის შექმნას გეგმავს, რომლის სიმძლავრის გაზრდაც 5 გიგავატამდე იქნება შესაძლებელი.
Google-თან პარტნიორობით, Adani Group-ი დამატებით $15 მილიარდს ინდოეთში მდებარე 1-გიგავატიანი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის კამპუსის განვითარებაში აბანდებს. გარდა ამისა, ჯგუფი განახლებადი ენერგიის პორტფელის გასაფართოებლად, რომელიც ბატარეის ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს შენახვის სისტემასაც მოიცავს, $55 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
ცნობისთვის, Forbes-ი გაუტამ ადანის ქონებას $65.9 მილიარდად აფასებს, რაც მას ინდოეთში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი კი მუკეშ ამბანია $102.6 მილიარდით.















