ფოტო: cntraveler.com
2025 წელს საფრანგეთმა რეკორდული რაოდენობის, 102 მილიონი ვიზიტორი მიიღო და მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა. ამ მაჩვენებლით მან საკუთარი რეკორდიც მოხსნა, რომელიც 2024 წელს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში დაამყარა 100 მილიონი ტურისტით.
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს მიღებული ტურისტების დაახლოებით სამი მეოთხედი (76%) ევროპიდან იყო. სასტუმროებსა და სხვა ტიპის კომერციულ საცხოვრებლებში ღამისთევის რაოდენობა კი 2024 წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა.
ვიზიტორთა ნაკადის გათვალისწინებით, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. ქვეყანამ 2025 წელს ტურიზმის სექტორიდან 77.5 მილიარდი ევრო მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 9%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 37%-ით მეტია. საფრანგეთის მთავრობა 2030 წლამდე ტურიზმიდან შემოსული თანხის 100 მილიარდ ევრომდე ზრდას და ქვეყნის „მდგრადი ტურიზმის“ წამყვან დანიშნულების ადგილად ქცევას ისახავს მიზნად.
ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს, 2025 წელს მიღებული 96.8 მილიონი უცხოელი ტურისტით. საინტერესოა, რომ ესპანეთმა საფრანგეთს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით გადაასწრო (2025 წელს 105 მილიარდი ევრო). თუმცა, საფრანგეთი ნაკლებად აწყდება „ჭარბ ტურიზმთან“ დაკავშირებულ შიდა პროტესტს, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთზე, სადაც ამ საკითხის გამო ქვეყნის მასშტაბით არაერთი დემონსტრაცია გაიმართა.














