სემ ოლტმენმა Forbes-სთან მასკზე, ტრამპზე, რობოტიზაციასა და OpenAI-ის გეგმებზე ისაუბრა

სემ ოლტმენმა Forbes-სთან მასკზე, ტრამპზე, რობოტიზაციასა და OpenAI-ის გეგმებზე ისაუბრა

ფოტო: კოდი პიკენსი Forbes-ისთვის

 

ამერიკის ტექნოლოგიური გიგანტის, OpenAI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული მონაცემთა ცენტრის ახალი პროექტის, Stargate-ის ინვესტორთა შორისაა. ამავდროულად კი მისი სტარტაპის, OpenAI-ის მიერ შემუშავებული ChatGPT მსოფლიოს ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტია. ჟურნალი Forbes-ი ოლტმენის ქონებას $3.1 მილიარდად აფასებს.

ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი სამომავლოდ ფსონს AI-მეცნიერებასა და რობოტიზაციაზე ჩამოდის. ოლტმენმა OpenAI-სა და თავის სამომავლო გეგმებზე ამერიკული Forbes-ის გამოცემასთან ისაუბრა. 40 წლის მილიარდერი ინტერვიუში შეეხო როგორც OpenAI-ის გეგმებს, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუშაობასა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანზე, ილონ მასკზეც ისაუბრა.

„პირველ რიგში, მე აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან ვითანამშრომლებ. თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიაზე მუშაობ, მაშინ პრეზიდენტთან რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა იმუშაო. აღმოვაჩინე, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისას, ეს პრეზიდენტი მარტივი ადამიანია. მას ესმის ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა, ენერგეტიკის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაუკეთებია“, – განაცხადა ოლტმენმა და დასძინა, რომ მასსა და ტრამპს ამ საკითხზე პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ.

„აშშ-ში დიდი მასშტაბით ინფრასტრუქტურის აშენების საჭიროებას სრულებით ვეთანხმები. წინა ადმინისტრაციის პერიოდში მონაცემთა ცენტრების სწრაფად და დიდი მასშტაბით განვითარება ძალიან გვიჭირდა. ამიტომაც ის მიმართულებები, რა მხრივაც მისგან [ტრამპი] და მისი ადმინისტრაციისგან მხარდაჭერა მივიღეთ, შესანიშნავი იყო“, – განაცხადა ოლტმენმა ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციებზე საუბრისას.

თუმცა ოლტმენი მასსა და ტრამპს შორის შესაძლო აზრთა სხვადასხვაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის, რაშიც ალბათ მათი შეხედულებები არ დაემთხვევა, AI-სთან დაკავშირებული ოპტიმალური საერთაშორისო პოლიტიკაა. ოლტმენი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი მთელი მსოფლიოსთვის პოზიტიურ ძალად უნდა იყოს აღქმული და არა მხოლოდ ამერიკელებისთვის. აშშ-მა უფრო გლობალურად უნდა იფიქროს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტარიფებს, არამედ ექსპორტის შეზღუდვებს, თუ როგორ ხდება ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის გაზიარება მოკავშირე ქვეყნებთან და გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ სად აშენდება მონაცემთა ცენტრები, და სად – არა.

ოლტმენის თქმით, ამ საკითხებზე აქტიური დებატები მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, მთავარი კითხვაა, თუ როგორ განაწილდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების სარგებელი მთელი მსოფლიოსთვის.

ამის შემდეგ, OpenAI-ის აღმასრულებელმა მასკზე და მის კომპანია xAI-თან უთანხმოებაზე ისაუბრა. ოლტმენის თქმით, ის პატივს სცემს იმ ფაქტს, თუ რა სისწრაფით ქმნის ის დიდი ზომის კომპიუტერებს, თუმცა xAI-ის ოპერირების წესებს არ ეთანხმება. მათ შორის ოლტმენმა Grok-ის გარშემო დაწყებული გამოძიებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კომპანიის მუშაობა ტექნოლოგიურ გავლენასთან შესაბამისობაში არ მოდის.

ოლტმენისთვის ირონიულია ის ფაქტიც, რომ მასკი სხვებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს მაშინ, როდესაც თავად სერიოზული პრობლემები აქვს. OpenAI-ის აღმასრულებლის განცხადებით, Grok-ი მასკის მიმართ მიკერძოებულია, ცდილობს ის კრიტიკისგან დაიცვას ან გარკვეული ნარატივები გაავრცელოს.

რაც შეეხება OpenAI-თან დაკავშირებულ გეგმებს, ამ მხრივ საინტერესოა, რომ ოლტმენი საუბრობს მსოფლიოზე, სადაც რობოტები ყოველდღიურ და სტანდარტულ დავალებებს ასრულებენ, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა ცენტრებში მუშაობისას კაბელების დაკავშირება.

OpenAI-ის ახალი გუნდი სწორედ ამ ტიპის რობოტებს ქმნის და სხვადასხვა ფორმის ფაქტორებზე მუშაობს. სავარაუდოდ, მათ თავდაპირველად მხოლოდ საწყობებში გამოიყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც შეგვიძლია Tesla-ს Optimus-ის და სხვა ჰუმანოიდი რობოტების პირდაპირ კონკურენტად განვიხილოთ. „თუ ჩვენ შევძლებთ წარმოების ავტომატიზაციას, ეს ტრანსფორმაციული და საოცარი რამ იქნება“, – აცხადებს მილიარდერი.

ამასთან ერთად, ოლტმენს სჯერა, რომ მსოფლიო მიდის ისეთი სისტემისკენ, რომელშიც AI დამოუკიდებელი ინოვატორი იქნება და იმოქმედებს როგორც ავტომატიზებული მკვლევარი, რაც სამეცნიერო პროგრესს მკვეთრად დააჩქარებს. ოლტმენის თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის, თუ რამდენად ტრანსფორმაციული იქნება ეს მეცნიერებისთვის და ბიზნესის ეფექტიანობისთვის, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის.