მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ოფიციალურად აირჩიეს

მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ოფიციალურად აირჩიეს

ფოტო: nbcnews.com

 

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი ოფიციალურად აირჩიეს. ის ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეია. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადებები ქვეყნის ოფიციალურმა უწყებებმა, პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა გაავრცელეს.

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ქვეყნის მმართველობას ომის დაწყებიდან მეათე დღეს ჩაიბარებს. მოჯთაბა ხამენეის ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურების ფონზე მემკვიდრეობით რთული ვითარება ერგო.

შეგახსენებთ, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა 28 თებერვალს ირანზე საჰაერო იერიში წამოიწყეს, რომლის მიზანსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შემცირება წარმოადგენდა. ირანზე საჰაერო თავდასხმები ამ დრომდე მიმდინარეობს და კოალიციური ძალები ყოველდღიურად ათობით სამხედრო ობიექტს ანადგურებს.

თავდასხმის საპასუხოდ ირანმა რეგიონში ქაოსის შექმნა დაისახა მიზნად და სახელმწიფოებზე სარაკეტო თავდასხმები წამოიწყო, რის გამოც ნედლი ნავთობის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 20%-ით გაძვირდა. პარალელურად ირანმა დახურა ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი უმსხვილესი მარშრუტი, ჰორმუზის სრუტეც.

„ჩვენ დავემორჩილებით მთავარსარდალს სისხლის ბოლო წვეთამდე“ – ნათქვამია ირანის თავდაცვის საბჭოს მიერ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ლეგიტიმაციას არ აღიარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მოჯთაბა ხამენეის არჩევამდე მან განაცხადა, რომ ირანის ახალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობა შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ის დიდხანს ვერ გაძლებს“. ისრაელის განცხადებით კი ის მიზანში ამოიღებს ირანის ნებისმიერ ახალ სულიერ ლიდერს.

56 წლის მოჯთაბა ხამენეი ალი ხამენეის მეორე ვაჟი და საშუალო რანგის სასულიერო პირია, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობის რეფორმისტებს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბა ხამენეის ახლო კავშირები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მას ირანის პოლიტიკურ და უსაფრთხოების აპარატში გავლენების გაძლიერებაში დაეხმარა.

მოჯთაბა ხამენეი 1969 წელს, ირანის ქალაქ მაშჰადში დაიბადა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ირან-ერაყის 1980-1988 წლების ომში. რელიგიური განათლება ირანის შიიტური თეოლოგიის ცენტრში, ქომის სემინარიაში რელიგიურ კონსერვატორებთან ერთად მიიღო. მისი სასულიერო რანგი ჰოჯათალისლამია. შიიტურ ისლამში აღნიშნული ტიტულატურა უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნეოდა, რომელმაც მოციქული მუჰამედის შემდეგ მეთორმეტე იმამის, იმამ ალ-მაჰდის დაბრუნებამდე უნდა უხელმძღვანელოს საზოგადოებას და ამავდროულად შეინარჩუნოს და გააგრძელოს მისი სწავლებები.

იხილეთ ასევე: ვინ არის მოჯთაბა ხამენეი?

საინტერესოა, რომ მუჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობაში ოფიციალური პოზიცია არასდროს დაუკავებია. ალი ხამენეის ვაჟი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდაც.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიგურა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ირანში, კრიტიკოსები უზენაესი ლიდერის როლის მემკვიდრეობით გადაცემას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს შინაარსით სწორედ იმ მონარქიულ პრინციპს იმეორებს, რომელიც 1979 წელს გადააგდეს.

მოჯთაბა ხამენეის 2019 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა, რისი მიზეზიც უზენაესი ლიდერის ოფისში მუშაობა და მისი ოფიციალურად წარმოდგენა იყო. ლიკვიდირებულმა ალი ხამენეიმ თავის დროზე მას ისეთი საქმიანობა გადააბარა, როგორიცაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუდსისა და ბასიჯის ძალებთან კოორდინაცია.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.