ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრე $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება. ამ ზღვრის გადაკვეთა წლევანდელ სიაში 20-მა მილიარდერმა შეძლო.
გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. გასული წლების მსგავსად, მათი უმრავლესობა მამაკაცია, თუმცა სიაში ნელ-ნელა იზრდება მილიარდერი ქალების რაოდენობაც. კერძოდ, თუ Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში მილიარდერი ქალების წილი 13.4%-ს შეადგენდა, წელს ის 14%-მდეა გაზრდილი. შედეგად, Forbes-ის 2026 წლის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 3,428 პირიდან 481 ქალია. ცნობისთვის, 2025 წლის სიაში მათი რიცხვი 406-ს გაუტოლდა.
ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოში უმდიდრესი ქალის ტიტული Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილიშვილს, ელის უოლტონს ეკუთვნის. 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ელის უოლტონი $134 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას Forbes-ის რეიტინგში მე-14 უმდიდრეს ადამიანად აქცევს. წლიურ ჭრილში, უოლტონის ქონება დაახლოებით $33 მილიარდითაა გაზრდილი, უმეტესად Walmart-ის აქციების ღირებულების მატების გავლენით, რომელმაც იმავე პერიოდში 41%-იანი ზრდა დააფიქსირა.
Forbes-ის განახლებულ რეიტინგში მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ქალი კვლავ L’Oréal-ის მემკვიდრე, ფრანგი ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსია. გამოცემის შეფასებით, 72 წლის მეიერსი $100 მილიარდის ქონებას ფლობს – $18.4 მილიარდით მეტს გასულ წელთან შედარებით, რაც მეტწილად იმავე პერიოდში კოსმეტიკური კონგლომერატის აქციების ფასის 13%-ით ზრდის დამსახურებაა. ცნობისთვის, მეიერსი 2024 წლის ივნისში პირველი ქალი გახდა, რომლის ქონებამაც $100-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი $81.2 მილიარდით შეინარჩუნა ჯულია კოხმა, მეოთხე პოზიციაზე, $52.6 მილიარდით, ჩილეს უმდიდრესი ადამიანი, ირის ფონტბონაა. ხუთეულს კი $49.1 მილიარდით ჟაკლინ მარსი ასრულებს.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალიდან ცხრამ ქონება მემკვიდრეობით მიიღო. Forbes-ის სიაში უმდიდრეს თვითშემდგარ ქალად წელსაც რაფაელა აპონტე-დიამანტი რჩება. მისი ქონება $44.5 მილიარდად არის შეფასებული. აპონტე-დიამანტმა სიმდიდრე გადაზიდვების ბიზნესით დააგროვა.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალები 2026 წელს
#1 ელის უოლტონი – $134 მლრდ
ასაკი: 76 | სიმდიდრის წყარო: Walmart | მოქალაქეობა: აშშ

#2 ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი – $100 მლრდ
ასაკი: 72 | სიმდიდრის წყარო: L’Oréal | მოქალაქეობა: საფრანგეთი

#3 ჯულია კოხი – $81.2 მლრდ
ასაკი: 63 | სიმდიდრის წყარო: Koch, Inc | მოქალაქეობა: აშშ












