ფოტო: Reuters
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, კანონპროექტს, რომელიც პოლონეთს საშუალებას მისცემდა, ევროკავშირის მიერ თავდაცვისთვის გამოყოფილი მსხვილი სესხის დიდი წილი მიეღო, ვეტო დაადო. აღნიშნული გადაწყვეტილებით პოლონეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან თავდაცვის ხარჯების საკითხთან დაკავშირებული დავა კიდევ უფრო გააღრმავა.
კანონის მიღების შემთხვევაში, პოლონეთს შესაძლებლობა ექნებოდა, ევროკავშირის ახალი ინიაციტივის, SAFE-ის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 150 მილიარდი ევროდან 43.7 მილიარდი ევრო სესხის სახით მიეღო. ამ წილით პოლონეთი პოტენციურად სესხის მიმღები ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი იყო.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების ახალი თავდაცვითი ინიციატივა SAFE-ი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას და ზოგადად ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას ითვალისწინებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის აქტიური მხარდამჭერია. ისინი ფიქრობენ, რომ სესხი პოლონეთის სამხედრო მოდერნიზაციისთვის საჭირო ფინანსების მოძიების საუკეთესო გზაა. პოლონეთისათვის განკუთვნილი სესხის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი სამხედრო წარმოების ზრდასა და ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებას მოხმარდებოდა.
ვეტოს დამდები პოლონეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან ასეთი მსხვილი სესხის აღება პოლონეთის ბრიუსელზე დამოკიდებულებას გაზრდის და ის ამის წინააღმდეგია. მისი წინადადება თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გასაზრდელად ადგილობრივი რესურსების გამოყენებაა, მათ შორის – ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან მიღებული მოგების.
დონალდ ტუსკმა კაროლ ნოვროცკის გადაწყვეტილება X-ზე გავრცელებული განცხადებით გააკრიტიკა. „პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, მოქცეულიყო პატრიოტულად“, – წერს დონალდ ტუსკი. მან ასევე მთავრობის სხდომა მოიწვია, რათა სესხის მიღების ალტერნატიული გზები განიხილონ.















