FT: ნავთობზე ფასის ზრდით, რუსეთი დღეში $150 მილიონის დამატებით შემოსავალს იღებს

FT: ნავთობზე ფასის ზრდით, რუსეთი დღეში $150 მილიონის დამატებით შემოსავალს იღებს

ფოტო: Adobe Stock

 

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაზრდილი ფასები და  მიწოდებისას წარმოქმნილი შეფერხებები რუსეთისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა. ინდუსტრიის მონაცემებსა და ანალიტიკოსთა შეფასებებზე დაყრდნობით, გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის ბიუჯეტში ნავთობის გაყიდვებიდან დამატებით $150 მილიონამდე შემოსავალი შედის.

ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების შემდეგ, ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად, მოსკოვმა ექსპორტზე გადასახადებიდან დაახლოებით $1.3-$1.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო. პარალელურად, აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები 30 დღით მოხსნა, ხოლო მანამდე ინდოეთს ტანკერებზე დატვირთული რუსული ნავთობის შეძენის ნებართვა მისცა.

FT-ის გამოთვლებით, რუსეთის მთავრობას ნავთობის გაყიდვებიდან მარტის ბოლომდე $3.3-$4.9 მილიარდის დამატებითი შემოსავლის მიღება შეუძლია. გამოცემამ ამ თანხის გამოთვლისას რუსული „ურალის“ ტიპის ნავთობის საშუალო თვიური ფასი $70-$80-ით განსაზღვრა — გასული ორი თვის საშუალო $52-თან შედარებით.

ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსკოვისთვის, რომელიც ბოლო წლებში ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების კლებას ებრძოდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი თებერვალში 11.4%-ით დაეცა და დღეში 6.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამავდროულად, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მოთხოვნა რუსულ ნავთობზე კიდევ უფრო გაიზრდება. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის ბაზრები „ახალი ფასების“ რეალობისკენ მიდის და ევროპაში ენერგოიმპორტის განახლების იდეაც წამოჭრა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, კრემლმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის „პროდუქტიული საუბრის“ შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

Kpler-ის მონაცემებით, რუსული ნედლი ნავთობის „არსებითი მარაგი“ ამჟამად ზღვაში, ტანკერებზეა დატვირთული. ამ ტვირთის დიდი ნაწილი ინდოეთის პორტებისკენ გადაადგილდებოდა. ოთხშაბათის მდგომარეობით, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი დღიურად 1.5 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც გასული თვის დასაწყისთან შედარებით 50%-ით მეტია. Kpler-ის მონაცემებითვე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების დროს ტანკერებში ჩარჩენილი 11 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი, 125 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

რუსული ნავთობის ამჟამინდელი ფასი გასული სამი თვის საშუალოზე დაახლოებით $20-$30-ით მეტია. Kpler-ის ანალიტიკოსების კვლევით, ამჟამად ინდოეთში რუსული ნავთობი Brent-ის ტიპის ნავთობზე $5-ით ძვირად იყიდება. Carnegie Russia Eurasia Center-ის ანალიტიკოსის, სერგეი ვაკულენკოს განცხადებით კი ბარელზე თვიური საშუალო ფასის ყოველი $10-იანი მატება ნავთობის რუსი ექსპორტიორებისთვის დამატებით $2.8 მილიარდის შემოსავალს ქმნის. ამ თანხიდან დაახლოებით $1.63 მილიარდი სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების სახით შედის.

FT-ის გამოთვლით, ეს ბიუჯეტისთვის დღიურად დამატებით $54 მილიონის შემოსავალს ქმნის. თუმცა, თუ $20-$30-იან მატებას გავითვალისწინებთ, მაშინ რუსეთის ბიუჯეტის დღიური დამატებითი შემოსავალი $110-$160 მილიონამდეც კი იზრდება — ომის პირველი 12 დღის განმავლობაში ჯამში $1.3-$1.9 მილიარდი. თუ ეს ტემპი მთელი თვით შენარჩუნდება, მაშინ რუსეთი სახელმწიფო ხაზინისთვის დამატებით $3.3-$5 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევაში რუსეთს წარმოების გაზრდის შესაძლებლობაც აქვს, რომელსაც ამჟამად OPEC+-ის კვოტით 300,000 ბარელამდე ამცირებს.

თუმცა, თუ მოსკოვს იმ კლების კომპენსირება სურს, რომელიც 2025 წლის დასაწყისში ენერგოშემოსავლებში ნახა, მაშინ არსებული ტემპის შენარჩუნება რამდენიმე თვის განმავლობაში დასჭირდება. კერძოდ, 2026 წლის პირველ ორ თვეში რუსეთისთვის ენერგოშემოსავლები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 50%-ით დაეცა. ამის გამო რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი უკვე წლიური დაგეგმილი დეფიციტის 90%-ზე მეტს მიუახლოვდა. Reuters-ის შეფასებით, 2022 წლის შემდეგ პირველად მივიღეთ რუსეთზე ზეწოლის რეალური შედეგები, რამაც მოსკოვი აიძულა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 10%-ით შემცირების საკითხი განეხილა.