აშშ-ისრაელისა და ირანის ომის მესამე კვირის მიმდინარეობისას, გეოპოლიტიკურმა მიმომხილველებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი სასუქების ბაზრების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებისა და სურსათის ხელმისაწვდომობის პოტენციურ საფრთხეებზე. ამის ფონზე საინტერესოა, თუ რა გავლენას ახდენს ირანში მიმდინარე ომი აღნიშნულ საკითხებზე.
სასუქების წარმოება დიდი მოცულობის ენერგორესურსებს მოითხოვს და ამისათვის ძირითადად ბუნებრივი აირი მოიხმარება. სასუქების წარმოების ხარჯების 70%-მდე სწორედ ენერგორესურსებზე მოდის. აქედან გამომდინარე, სასუქების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში იწარმოება. სასუქებით გლობალური ვაჭრობის მესამედი კი ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება.
მოგეხსენებათ, აღნიშნული სრუტის გავლით ხორციელდება ნავთობითა და ბუნებრივი აირით გლობალური ვაჭრობის 20%-ც. სრუტის დახურვისა და ირანის მიერ ყურის ქვეყნების ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო კი რეგიონში ენერგოსაწარმოების გარკვეული ნაწილი ამ დრომდე დაკეტილია. ამ მოვლენების გათვალისწინებით და ენერგორესურსებზე წვდომის შემცირების გამო, ჯაჭვური რეაქციით დაიხურა რეგიონში სასუქების საწარმოებიც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კი სასუქებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, რაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში სასუქის დეფიციტს შექმნის.
ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სასუქების ფასები დაახლოებით 40%-ით, აშშ-ში კი 32%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ომის გაგრძელების შემთხვევაში ფასები შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.
ცნობისათვის, მსოფლიო მასშტაბით სურსათის 50%-ზე მეტი სწორედ სასუქების დახმარებით იწარმოება. კონფლიქტის გაგრძელებით გამოწვეული სასუქების მიწოდების ჯაჭვის პრობლემები კი საფრთხეს შეუქმნის სურსათის ხელმისაწვდომობას.

















