ფოტო: Getty Images
ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტით ვიდეოების გენერირების აპლიკაციის, Sora-ს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად კი, The Walt Disney Company-სთან $1 მილიარდის ღირებულების შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.
Sora-ს აპლიკაცია, როგორც პოპულარული ჩინური პლატფორმა TikTok-ის კონკურენტი პროდუქტი, OpenAI-მ დაახლოებით ორი წლის წინ გაუშვა. Sora-ს მარტივ ტექსტურ მოთხოვნებზე დაყრდნობით ვიდეოების გენერირება შეუძლია. თუმცა, როგორც OpenAI-ის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, კომპანია Sora-ს ფუნქციონირებას წყვეტს, რათა რესურსი სხვა მიმართულებებს მოახმაროს, მათ შორისაა რობოტიკის ბიზნესი და ე.წ. „აგენტი“ ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანის მცირე ჩართულობით დავალებების ავტომატურად შესრულება შეუძლია.
OpenAI-ის ინფორმაციით, კომპანია დახურავს როგორც Sora-ს აპლიკაციას, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილ ვიდეომონტაჟის ინტერნეტპლატფორმას. თუმცა, როგორც ირკვევა, Sora-ს დახურვა ChatGPT-ის ვიზუალური კონტენტის შექმნის ინსტრუმენტებზე გავლენას არ მოახდენს.
Forrester-ის ანალიტიკოს თომას ჰასონის განცხადებით, OpenAI-მ Sora-ს დახურვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოტენციურ IPO-მდე აპთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით მიიღო. Sensor Tower-ის მონაცემებით, გაშვების შემდეგ მხოლოდ აპლიკაციიდან Sora-ს შემოსავალმა $1.4 მილიონი შეადგინა. იმავე პერიოდში ChatGPT-ის შემთხვევაში მაჩვენებელმა $1.9 მილიარდს მიაღწია.
როგორც გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში Forbes-ი წერდა, OpenAI-ს Sora-ს ფუნქციონირება წლიურად 5 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდებოდა, რაც დღეში დაახლოებით 15 მილიონ დოლარს უტოლდება.
რაც შეეხება Disney-სთან გაუქმებულ $1-მილიარდიან შეთანხმებას, ის OpenAI-მ გასული წლის დეკემბერში დააანონსა. შედეგად, Disney პირველი მსხვილი სტუდია გახდა, რომელმაც OpenAI-ის AI-ინსტრუმენტებში გამოსაყენებლად ინტელექტუალური საკუთრების (IP) ლიცენზია მისცა. სამწლიანი გარიგება Sora-ს მომხმარებლებს Disney-ს პერსონაჟებით ვიდეოების გენერირების შესაძლებლობას აძლევდა.
The Walt Disney Company-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიაში პატივს სცემენ „OpenAI-ის გადაწყვეტილებას, გავიდეს ვიდეოგენერირების ბიზნესიდან და თავისი პრიორიტეტები შეცვალოს“. Disney-ის წარმომადგენლის თქმით, ისინი სხვა AI-პლატფორმებთან ითანამშრომლებენ, რათა მსგავს ტექნოლოგიებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის გარეშე კონტენტის გამოყენების გზები გამონახონ.















