ნიკოლოზ ლომთაძე, Silk Hospitality-ის ფინანსური დირექტორი, მაგალითია კარიერული გზის, რომელიც ოპერაციული პოზიციებიდან იწყება და სტრატეგიულ ლიდერობამდე მიდის. მისი გამოცდილება აჩვენებს, როგორ ქმნის პრაქტიკული ცოდნა მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწვეტილებებსა და გრძელვადიან ბიზნესსტრატეგიას.
ავტორი: ანტონ კოკაია
როდის და რა პოზიციაზე შეუერთდით Silk Hospitality-ს გუნდს და რა გამოცდილება შეგძინათ კომპანიაში მუშაობამ?
ეს ისტორია 2019 წელს დაიწყო, როცა გადავწყვიტე, დავმშვიდობებოდი იმჟამინდელ სამსახურსა და კომპანიას, რომელმაც უდიდესი გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონებები დამიტოვა. ეს არ იყო სპონტანური ნაბიჯი. ზუსტად ვიცოდი, სად მსურდა კარიერის გაგრძელება და ველოდებოდი სწორ დროსა და შესაძლებლობას, რადგან ისეთ მსხვილ და რეპუტაციულად მყარ კომპანიაში მოხვედრა, როგორიც Silk Hospitality არის, მარტივი ნამდვილად არ იყო.
Silk Hospitality-ს გუნდს რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე შევუერთდი, თუმცა თავის დროზე ჩემი პროფესიული გზა ბევრად ადრე დაიწყო – მიმტანის პოზიციიდან. სწორედ ამ ეტაპებმა მასწავლა ინდუსტრიის საფუძვლები და ადამიანებთან მუშაობის რეალური მნიშვნელობა. ამ გზას „self-made“-გამოცდილებად აღვიქვამ – ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდად და პრაქტიკიდან სწავლად. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა გარემომ, რომელმაც განვითარების შესაძლებლობა მომცა. Silk Hospitality ჩემთვის გახდა სივრცე, რომელმაც არა მხოლოდ კარიერული წინსვლის შანსი გამიჩინა, არამედ პროფესიულად და ადამიანურად გამზარდა.
როცა ტოვებ გარემოს, სადაც გაიზარდე და პროფესიონალად ჩამოყალიბების გზას ადგახარ, შემდეგი ნაბიჯი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა გადადგა. ჩემთვის ეს გარდამავალი ეტაპი სწორედ ასეთი იყო. მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ აღმოვჩნდი იქ, სადაც დღესაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ადგილია.
პირველი გამოცდილება კოვიდპანდემია აღმოჩნდა, როდესაც სრულიად მსოფლიო გაურკვევლობასა და შიშში გაეხვა და ბუნებრივად გაჩნდა კითხვაც – რამდენად სწორი იყო სტაბილურობაზე უარის თქმა ასეთ არასტაბილურ გარემოში? თუმცა სწორედ ამ კრიზისმა მაჩვენა კომპანიის რეალური სახე. იმ რთულ პერიოდში დავინახე ზრუნვა, მხარდაჭერა, ადამიანების დაფასება და მართვის ისეთი მიდგომა, რომელიც მხოლოდ პროფესიონალიზმს კი არა, მთავარს – ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ მაშინ მოვაწერე ერთგულებას ხელი.
დღეს უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ამ პერიოდში გავიარე რამდენიმე ეტაპი და დღეს CFO-ს პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას, რაც ჩემთვის არა მხოლოდ კარიერული წინსვლის შედეგია, არამედ იმ ნდობისა და განვითარების შესაძლებლობისაც, რომელიც ამ გარემომ მომცა. ეს დრო ჩემთვის მხოლოდ სამუშაო გამოცდილება არ არის. ეს არის გზა, რომელმაც პროფესიულ ზრდასთან ერთად ადამიანურადაც გამამდიდრა და რომელსაც შეგნებულად და პასუხისმგებლობით ვაგრძელებ.
გაიხსენეთ მომენტი, როდესაც გააცნობიერეთ, რომ გსურდათ F&B-სა და რესტორნის მენეჯმენტის ფარგლებს გასცდენოდით და პროფესიულად სხვა მიმართულებით განვითარებულიყავით. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი ბიძგი?
ჩვენს გუნდში არსებობს ერთგვარი „ოქროს წესი“ – ძალები მოსინჯო სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ეს არ იყოს კავშირში შენს უშუალო საქმიანობასთან. სწორედ ეს მიდგომა ვაქციე ჩემს შესაძლებლობად.
ნებისმიერი ბიზნესი ერთიანი ჯაჭვია, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. როცა ამ ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს ეცნობი, უკეთ აცნობიერებ, როგორ მუშაობს სისტემა მთლიანობაში. ჩემი ინტერესი სწორედ ამ „დიდი სურათის“ დანახვა გახდა. მინდოდა, პროცესებისთვის ფართო პერსპექტივიდან შემეხედა და გამეგო, როგორ ხდება ბიზნესში სტრატეგიის, ოპერაციებისა და ადამიანური რესურსის გადაკვეთა.
როცა ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება გაქვს და პარალელურად გყავს ადამიანები, რომლებიც განვითარებაში გეხმარებიან, შემდეგი ნაბიჯების გადადგმა გაცილებით მარტივი ხდება. სწორედ ამ გარემომ მიბიძგა, გამომეცადა საკუთარი თავი ფინანსებშიც და განვითარებისთვის ახალი სივრცეები მეპოვა.
თქვენი კარიერის განმავლობაში რამდენიმე როლი მოირგეთ (ოპერაციები, „რედისონ ბლუ ბათუმი“, financial advisor-ი). რომელი ეტაპი იყო გარდამტეხი და რატომ?
ჩემი პროფესიონალად ჩამოყალიბების გარდამტეხ ეტაპად უდავოდ Radisson Blu Batumi-ს მივიჩნევ. წარმოიდგინეთ კოვიდპანდემია, კრიზისის მიერ ყველაზე მძიმედ დაზარალებული ინდუსტრია, თავის საქმეს მოწყურებული გუნდი, რომელსაც ილია საგანელიძე ლიდერობდა – მიუხედავად გარემოებებისა, უამრავი გეგმით და სტრატეგიით.
სწორედ ამ კონტექსტში აღმოვჩნდი პირველად რაღაც მასშტაბურის მართვის პროცესში, თანაც – საკმაოდ ახალგაზრდა. . მაშინ ყველაზე მკაფიოდ დავინახე, როგორ შეუძლია ძლიერ ლიდერს კრიზისის პირობებშიც კი პროცესის მართვა როგორც სტრატეგიულ, ისე ადამიანურ დონეზე. ყველამ ერთად უდავოდ რთული გზა გავიარეთ და ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ შენება.
გამარჯვების განცდა, რომელიც ამ პერიოდმა მოიტანა, ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში სხვა მიღწევებიც მქონია, სწორედ ამ ეტაპმა დამიტოვა ყველაზე ძლიერი პროფესიული კვალი და დამარწმუნა, რომ კრიზისი ხშირად სწორედ ის სივრცეა, სადაც რეალური ზრდა იწყება.
რა იყო ყველაზე რთული პერიოდი თქვენს კარიერულ გზაზე – მომენტი, როდესაც საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარათ?
კარიერაში რთული პერიოდები ერთ კონკრეტულ მომენტს არ უკავშირდება, ისინი თითქმის ყოველთვის ჩნდება მაშინ, როცა ახალ, წინაზე უფრო მასშტაბურ გამოწვევას ხვდები. საკუთარ თავში დაეჭვება ბუნებრივი პროცესია. როდესაც ვგრძნობ, რომ ეს განცდა მოდის, ვცდილობ ყურადღება შიშზე კი არა, მოქმედებაზე გადავიტანო.
ამ პროცესში ყველაზე დიდი საყრდენი ადამიანები არიან. ნდობა, რომელსაც გარემო გიცხადებს, პასუხისმგებლობასთან ერთად ძალასაც გმატებს. ხშირად ახალ ეტაპზე „შიშველი ხელებით“, მაგრამ უკვე დაგროვილი გამოცდილებით გადადიხარ. სწორედ ამ წინააღმდეგობაში ყალიბდება პროფესიული სიმტკიცე.
დასაწყისში მარტივი არაფერია, თავდაჯერება დროთა განმავლობაში მოდის და სწორედ გადალახული სირთულეები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც შემდეგ უფრო მყარად მიაბიჯებ.
რომელი ერთი ჩვევა ან პრინციპი დაგეხმარათ, რომ კომპანიაში ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებულიყავით?
თუ ერთი პრინციპის გამოყოფა მომიწევს, ეს დისციპლინა იქნება. კარიერული ზრდა იშვიათად არის სწრაფი ან სპონტანური პროცესი. ის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი შრომის შედეგია. დისციპლინა ნიშნავს საკუთარი საქმის მიმართ პასუხისმგებლობას მაშინაც კი, როცა არავინ გაკონტროლებს. ეს არის უნარი, სტაბილურად შეინარჩუნო ხარისხი, რიტმი და კონცენტრაცია.
დღესაც მჯერა, რომ ნიჭი ან მოტივაცია შეიძლება დროებითი იყოს, მაგრამ დისციპლინა არის ის სტაბილური ძალა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემურად გაიზარდოს.
როგორ გეხმარებათ დღეს CFO-ს როლში ის გამოცდილება, რაც ოპერაციებსა და F&B-ში დააგროვეთ?
ოპერაციებსა და F&B-ში დაგროვილ გამოცდილებას ხშირად ვადარებ ხელსაწყოებით სავსე ყუთს. მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა პროცესები სიღრმისეულად გესმის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ საწყისებიდან იღებს სათავეს და ეს დღეს CFO-ს როლში ყველაზე მეტად მეხმარება. ზუსტად ვიცი, რა სურს სტუმარს და რა სჭირდებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს იმისათვის, რათა ეს მოლოდინი გამართლდეს.
ოპერაციებსა და F&B-ში მუშაობის პერიოდში ყოველთვის მქონდა ძლიერი ინტერესი ფინანსური მხარის მიმართ. ნებისმიერი პროექტი ჩემთვის მხოლოდ ოპერაციული ამოცანა არ იყო – პარალელურად მას ციფრებითაც ვაფასებდი: რა უფრო სტრატეგიულია, რა მოაქვს კომპანიას, რამდენად მდგრადია და როგორ აისახება საბოლოო შედეგზე. სწორედ ამ კომბინაციამ – სტუმრის გამოცდილების გაგებამ და ფინანსური ლოგიკის ერთდროულად დანახვამ ჩამომიყალიბა ის აზროვნება, რომელიც დღეს CFO-ს პოზიციაზე მჭირდება. ვიცი, რა არის სტუმრისთვის კარგი და ამავე დროს რა არის კომპანიისთვის ფინანსურად სწორი.
ამ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი შემძინა – ადამიანების ფსიქოლოგიის უკეთ გააზრება. ზუსტი მესიჯის სწორად მიღება და გადაცემა ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც – ფინანსური გადაწყვეტილება. როდესაც გესმის პროცესიც და ადამიანიც, გადაწყვეტილებები უფრო რეალისტური და დაბალანსებულია.
თქვენი ხედვით, რა არის კარგი CFO-სთვის პრიორიტეტი – მოგება, ხარისხი, ადამიანები, ბრენდი თუ სხვა ღირებულებები?
მოგებას, ხარისხს, ბრენდსა და ღირებულებებს ადამიანები ქმნიან, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომლის სრულად ავტომატიზებაც შეუძლებელია. ეს ინდუსტრია ადამიანურ ურთიერთობებზე დგას და სწორედ ამიტომ, CFO-ს როლი მხოლოდ ციფრებით მართვა არ არის. ის ადამიანური კაპიტალის გააზრებასაც მოითხოვს.
პრაქტიკაში არაერთხელ მინახავს, როგორ შეუძლია საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ გუნდს ისეთი შედეგების მიღწევა, რაც მხოლოდ ფინანსური გათვლებით ვერ აიხსნება.
რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო ნათლად ხვდები, რომ ადამიანებში ჩადებულ ინვესტიციას ყველაზე სწორი და გრძელვადიანი უკუგება მოაქვს. ტექნოლოგიები, პროცესები და სტრატეგიები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მოტივირებული და ღირებულებებზე ორიენტირებული გუნდი არის ის საფუძველი, რომელიც ორგანიზაციის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.
ბევრ ორგანიზაციაში ფინანსური დეპარტამენტი ხშირად ასოცირდება გუნდთან, რომელიც ყველაფერზე “არას” ამბობს. როგორ ახერხებთ, რომ CFO-ს როლში ამ სტერეოტიპს გასცდეთ?
კი, ჩვენ შესახებ არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს არის „გუნდი, რომელიც ყველაფერზე უარს ამბობს“. ეს სტერეოტიპი, გარკვეულწილად, ჩვენ თვითონვე შევქმენით. მესმის, საიდან მოდის ეს აღქმა, თუმცა მას სრულიად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს განწყობა ხშირად სიახლეების შიშიდან გამომდინარეობს. ადამიანები ბუნებრივად ვართ მიდრეკილნი, დავეყრდნოთ უკვე გამოცდილ მოდელებს და ვერიდოთ გაურკვევლობას.
თანამედროვე გარემოში, სადაც ცვლილება მუდმივი პროცესია, საკითხებს სხვა პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. იდეას განვითარების სივრცე სჭირდება. ფინანსური ფუნქცია არ უნდა იყოს მხოლოდ შეზღუდვის ინსტრუმენტი, ის უნდა იქცეს ფილტრად, რომელიც იდეებს აძლიერებს და ავტომატურად არ ბლოკავს. „არას“ თქმა ზოგჯერ აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს უარი იყოს არგუმენტირებული, ახსნილი და აღქმადი. მხოლოდ მტკიცე უარი, განმარტების გარეშე, ნდობას და მოტივაციას ანგრევს.
ისიც არაჯანსაღია, როცა ორგანიზაციაში უარის რაოდენობა ჭარბობს – ეს უკვე სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს. ჩემი პირადი სტრატეგია – ყველა არგუმენტის მოსმენაა. კარიერის განმავლობაში დავთანხმებივარ არაერთ ინიციატივას, რომელსაც ტრადიციული ფინანსური მიდგომა, შესაძლოა, თავიდანვე გამორიცხავდა. მჯერა, რომ ადამიანებს შანსი უნდა მისცე და ზოგჯერ გააზრებულ რისკზეც წახვიდე, რადგან სწორედ ასე იზომება რეალური შესაძლებლობები და ხდება განვითარება. ჩემი გამოცდილება ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს – გავზომო, რა პოტენციური შედეგი შეიძლება დადგეს.
თქვენ როგორ გესმით, როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი საკუთარი გუნდისთვის?
პროფესიულ გზაზე არაერთ ლიდერთან მომიწია მუშაობა და ეს გამოცდილება თავისთავად იქცა სწავლების პროცესად. ადამიანს ბუნებრივად აქვს ინსტინქტი, გააანალიზოს სხვების ქცევა. რა შთააგონებს, რა მუშაობს და რა არის კატეგორიულად მიუღებელი. წლების განმავლობაში ეს დაკვირვებები ქვეცნობიერად გროვდება და საბოლოოდ ყალიბდება საკუთარი ხედვა.
დღეს ჩემთვის ნათელია, რომ ძლიერი ლიდერის მთავარი ამოცანა არის ღირებულებების შექმნა და ადამიანების ნდობის მოპოვება. იყო ლიდერი არ ნიშნავს პროცესების ერთპიროვნულ მართვას. პირადად მე არ მჯერა ინდივიდუალური თამაშის. ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად მსჯელობა, მათი მოსმენა და ის განცდა, რომ თითოეული წევრი პროცესის სრულფასოვანი ნაწილია.
მარტო თუ იქნები, კორპუსსაც ვერ ააშენებ, მაგრამ გუნდთან ერთად ცათამბჯენის აშენებაა შესაძლებელი. სწორედ ეს არის ლიდერობის ნამდვილი ძალა. გაზიარება, უშუალო დამოკიდებულება და გუნდში პოზიტიური კულტურის დანერგვა არის ის საფუძველი, რომელზეც გრძელვადიანი შედეგები შენდება. ლიდერი უნდა ქმნიდეს სივრცეს, სადაც ადამიანები იზრდებიან პროფესიულადაც და ადამიანურადაც.
ერთი რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს იწყებენ კარიერას სტუმარმასპინძლობის სექტორში.
ეს რჩევა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სექტორში დამწყებ ახალგაზრდებს არ ეხება. ის აქტუალურია ყველასთვის, ვინც კარიერას იწყებს. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მუდმივი შედარებებისა და „ეგოების ომის“ ეპოქაში, სადაც სხვებთან შეჯიბრი ხშირად მთავარ მიზნად იქცევა. ამ დინების აყოლა დამღუპველია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, გულწრფელი დამოკიდებულება და ნებისმიერ როლში საკუთარი მაქსიმუმის ჩადება მაშინაც კი, როცა ეს ეტაპი საბოლოო დანიშნულებად არ გესახებათ.
კარიერაში ყველაზე ღირებული კაპიტალი დისციპლინაა, რომელიც ყველაზე ამბიციურ მიზნებამდე მიგიყვანთ. დაუზარელი, გულწრფელი შრომა და ადამიანების ნდობის მოპოვება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იძლევა შედეგს.
მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ და სწორედ ამიტომ მჯერა, რომ შრომას და საქმისადმი კონსტრუქციულ მიდგომას ყოველთვის აქვს აზრი. საბოლოოდ, კარიერა არ იზომება მხოლოდ მიღწევებით, არამედ იმ გზით, რომელსაც ქმნი და იმ ადამიანებით, ვინც ამ გზაზე შენთან ერთად არიან.












