ინდოეთმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად ირანული ნავთობი შეისყიდა

ინდოეთმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად ირანული ნავთობი შეისყიდა

ინდოეთის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდურმა ნავთობგადამმუშავებლებმა  ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით შექმნილი შეფერხებების გამო ირანული ნავთობი შეისყიდეს.

ცნობისათვის, მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილ ნავთობიმპორტიორსა და მომხმარებელ ინდოეთს, ირანული ნავთობი 2019 წლის მაისის შემდეგ არ შეუსყიდია, რაც აშშ-ის ზეწოლის შედეგი იყო. თუმცა გლობალური ნავთობკრიზისის ფონზე ინდოეთს ალტერნატივა არა აქვს.

ინდოეთის ნავთობის სამინისტროს მიერ X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, „ახლო აღმოსავლეთში მიწოდების შეფერხებების გათვალისწინებით, ინდურმა ნავთოგადამმუშავებლებმა საკუთარი საჭიროებები დაიკმაყოფილეს, მათ შორის ირანიდან; ირანული ნედლი ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით საგადახდო ბარიერები არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ ნავთობკრიზისის შესამსუბუქებლად, გასულ თვეს შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციები დროებით მოხსნა. მიწოდების დეფიციტით გამოწვეული ფასების ზრდის დასარეგულირებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება შეუფერხებლად მიიღო.

ინდოეთის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ მომდევნო თვეების საჭიროებები სრულად დაიკმაყოფილა. კერძოდ, საუბარია სანქცირებული ნავთობტანკერით 44,000 ტონა ირანული გათხევადებული გაზის მიღებაზე.

ცნობისათვის, ინდოეთი ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს 40-ზე მეტი სახელმწიფოსგან ყიდულობს. ინდურ ნავთობგადამმუშავებლებს კომერციული წინადადებების შესაბამისად, არჩევანის თავისუფლება აქვთ, შეიძინონ ნავთობი სხვადასხვა მომწოდებლისგან სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. თუმცა ქვეყანა ნავთობის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან, ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.