ფოტო: SPUTNIK/REUTERS
პაკისტანში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ჩასული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ისლამაბადიდან მოსკოვში გაემგზავრა. ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საკუთარი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, პაკისტანში ვიზიტი რამდენიმე საათით ადრე გააუქმა, რითაც მოლაპარაკებები ჩიხში კიდევ ერთხელ შევიდა.
ტრამპის განცხადებით, თუკი ირანს მოლაპარაკება სურს, მათ შეუძლიათ ტრამპს ტელეფონზე დაურეკონ. „თუ მათ საუბარი სურთ, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ. ხომ იცით, არსებობს ტელეფონი. ჩვენ უსაფრთხო კავშირი გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
აშშ-ის პრეზიდენტის მინიშნებით, მოლაპარაკებების დაგეგმილი რაუნდის ჩაშლის ერთ-ერთი წინაპირობა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის პოზიციაა. „მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი; წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრის მიზეზი არ არსებობს“, – განმარტა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მთავარ საგანს ჰორმუზის სრუტის გახსნასთან ერთად, სწორედ ბირთვული იარაღი და ზოგადად ბირთვული პროგრამა წარმოადგენს. ირანი აშშ-ისგან ურანის გამდიდრებაზე თანხმობას რამდენიმე ათწლეულია, ითხოვს და ამტკიცებს, რომ გამდიდრებული ურანის მიზნობრიობა მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკულია. დასავლეთს კი მიაჩნია, რომ ირანს ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის შესაქმენლად სურს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, ომის დასრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს, ჰორმუზის სრუტე კი კვლავ დაკეტილია.
მოსკოვში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება და ქვეყნის ინტერესების დასაცავად დიპლომატიურ ძალისხმევაზე ისაუბრებს.
















