ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგა | OpenAI-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის დეტალები

ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგა | OpenAI-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის დეტალები

ფოტო: Jessica Christian/San Francisco Chronicle via Getty Images

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის ფარგლებში, პროცესზე მოწმის სახით წარდგა. სარჩელი, რომელიც ალტმანისა და მისი კომპანიის წინააღმდეგ მასკის ადვოკატებმა შეიტანეს, OpenAI-ისა და მის ხელმძღვანელობას სტარტაპის საზოგადოებრივი მისიიდან გადახვევაში ადანაშაულებს.

კერძოდ, მასკის ადვოკატების მტკიცებით, კომპანიამ არ შეასრულა 2015 წელს, დაარსების დროს ინვესტორებს შორის მიღწეული პირობები, რომელთა თანახმადაც, OpenAI არაკომერციულ ორგანიზაციად უნდა დარჩენილიყო. მასკმა, რომელიც ალტმანთან ერთად OpenAI-ის დამფუძნებლებს შორის იყო, სასამართლოს განუცხადა, რომ შეცდა, როდესაც სტარტაპს $38 მილიონის დაფინანსება გამოუყო. მან თავის თავს „სულელი“ უწოდა, რადგან მან „ფაქტობრივად უფასო დაფინანსება გასცა იმის შესაქმნელად, რაც საბოლოოდ $800-მილიარდიან გიგანტად იქცა“.

მასკის განცხადებით, OpenAI-ი ცდილობს, სარგებელი ორივე მხრიდან მიიღოს — თავდაპირველად ის არაკომერციული სტატუსით გამოჩნდა, რამაც სტარტაპს მილიარდერის თქმით „გარკვეული მორალური უპირატესობა“ მოუტანა, შემდგომ კი მოგებიან მოდელზე გადავიდა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მას თავისუფლად შეეძლო OpenAI-სგან, რომლის აქციების დიდ წილსაც თავად ფლობდა, კომერციული ტექნოლოგიური კომპანია შეექმნა, თუმცა შეგნებულად არჩია, ის საქველმოქმედო მიზნებზე ორიენტირებული ყოფილიყო.

ოთხშაბათს, ჯვარედინი დაკითხვის ფორმატში, მასკსა და OpenAI-ის ადვოკატს, უილიამ სავიტს შორის მწვავე დისკუსიაც გაიმართა. ადვოკატმა წლების წინანდელი იმეილები წარადგინა, რომლებშიც მასკი კომპანიის არაკომერციულ სტრუქტურას „თითქოსდა“ ეჭვქვეშ აყენებდა. მილიარდერმა კი განაცხადა, რომ ადვოკატების მხრიდან დაკითხვა „მარტივი“ პროცესი არაა და „მის მოსატყუებლად იყო შექმნილი“. ხოლო როდესაც სავიტმა $38-მილიონიან დაფინანსებაზე კითხვები დაუსვა, მასკმა ხმამაღალი ტონით უპასუხა, რომ მისი წვლილი კომპანიაში ბევრად მეტია, მათ შორის სახელის შერჩევა და მისი „რეპუტაციის“ შექმნა. „ჩემ გარეშე OpenAI-ი არ იარსებებდა“, — ციტირებს მასკის სიტყვებს CNBC.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი 2024 წელს შეიტანა და მოპასუხე მხარეებად თანადამფუძნებლები სემ ალტმანი და გრეგ ბროკმანი, ასევე OpenAI-ის ინვესტორი Microsoft-ი დაასახელა. მასკის მტკიცებით, AI-სტარტაპმა დაარღვია შექმნის პროცესშივე თანადამფუძნებლებს შორის მიღწეული პირობა — ემოქმედა კაცობრიობის სასიკეთოდ, როგორც არაკომერციულ ორგანიზაციას, და ამის ნაცვლად მოგებაზე ორიენტირებულ კორპორაციად გარდაიქმნა.

მასკის განცხადებითვე, სარჩელი „რეალურად ძალიან მარტივია“, რადგან „საქველმოქმედო ორგანიზაციის მოპარვა მიღებული საქციელი არაა“. ახლა Tesla-ს ხელმძღვანელი სასამართლოსგან კომპენსაციის სახით $150 მილიარდის მიღებას ითხოვს, რომელიც OpenAI-ის საქველმოქმედო ფონდში უნდა გადაირიცხოს, ასევე ალტმანისა და ბროკმანის დაკავებული პოზიციებიდან გადაყენებასა და OpenAI-ისთვის არაკომერციული სტრუქტურის დაბრუნებას. გასულ კვირას მოსამართლემ მასკის ბრალდებები თაღლითობის შესახებ უარყო, თუმცა „საქველმოქმედო ნდობის დარღვევასა“ და „უსამართლო გამდიდრების“ შესახებ საქმე ამ ეტაპზე ძალაში დატოვა.

მასკის განცხადებების საპასუხოდ, OpenAI-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, რომელიც საკუთარ AI-კომპანია xAI-ს ფლობს, მხოლოდ „შური ამოძრავებს“. სამშაბათს, გახსნით სიტყვაში, სავიტმა განაცხადა, რომ „ბატონ მასკს არ მოეწონა, რომ OpenAI-მა გაბედა და მის გარეშე წარმატებას მიაღწია“. დაცვის მხარის მტკიცებით, მასკს თავად სურდა OpenAI-ზე სრული კონტროლი მოეპოვებინა და დაპირებული $1 მილიარდის გადახდაზე უარი სწორედ მაშინ თქვა, როდესაც მიხვდა, რომ ერთპიროვნული მმართველი ვერ გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც ოთხშაბათის შუადღის მონაცემებით, $775 მილიარდს შეადგენს. მასკის საკუთრებაშია Tesla-ს დაახლოებით 12% და SpaceX-ის აქციების 40%. მასკი წელს პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $800 მილიარდს გადააჭარბა. რაც შეეხება ალტმანს, ის სავარაუდოდ $3.4 მილიარდის ქონებას ფლობს. ალტმანი OpenAI-ში წილს არ ფლობს და ქონების დიდ ნაწილს ისეთ კომპანიებში ინვესტიციებიდან იღებს, როგორებიცაა Stripe-ი და Reddit-ი.