Grok-ი პოზიციებს თმობს – მასკის ჩატბოტის მომხმარებელთა რაოდენობა ერთ თვეში 12%-ით შემცირდა

Grok-ი პოზიციებს თმობს – მასკის ჩატბოტის მომხმარებელთა რაოდენობა ერთ თვეში 12%-ით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის მომხმარბელთა რაოდენობა, 2026 წლის განმავლობაში, ბაზარზე კონკურენტების გაძლიერებასთან ერთად, შემცირდა. Similarweb-ის შეფასებით, იანვარში, Grok-ი მობილურ აპლიკაციებში ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობით მეორე ადგილზე იყო, თუმცა აპრილისთვის მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა და პოზიციები ისეთ კონკურენტებთან დათმო, როგორებიცაა Claude-ი, Gemini და DeepSeek-ი.

კერძოდ კი, Similarweb-ის მონაცემებით, მობილურ აპლიკაციებში, Grok-ის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით მარტის 13.9 მილიონიდან აპრილში 12.2 მილიონამდე შემცირდა. ეს 1-თვიან შუალედში თითქმის 12.5%-იანი კლებაა, ხოლო მხოლოდ შეერთებულ შტატებში, იმავე პერიოდში 15.6%-იანი ვარდნა მივიღეთ – ყოველდღიურად აქტიური 1.4 მილიონი მომხმარებლიდან – 1.1 მილიონამდე.

ხოლო მაშინ როცა Grok-ის მაჩვენებლები მცირდებოდა, მასკის AI-ჩატბოტის კონკურენტები ძლიერდებოდნენ. მათ შორის, მარტი-აპრილის შუალედში, Similarweb-ის მონაცემებით, Claude-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 44%-ით, 16 მილიონიდან 23 მილიონამდე, ხოლო იმავე პერიოდში, Gemini-ის მომხმარებელთა რიცხვი 19%-ით, 12.4 მილიონიდან 14.8 მილიონამდე გაიზარდა.

Grok-ის მომხმარებელთა რაოდენობა ასევე შემცირდა ვებგვერდებზე – გლობალურად, ვებგვერდზე საშუალო დღიური ვიზიტები მარტის 10.5 მილიონიდან აპრილში 9.3 მილიონამდე შემცირდა, რაც 11.6%-იანი კლებაა. მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე კი, 2.3 მილიონიდან 11%-ით, 2.1 მილიონამდე შემცირდა. შედარებისთვის, Anthropic-ის Claude-მა 39%-იანი (19.8 მილიონიდან 27.5 მილიონამდე), ხოლო Google-ის Gemini-მ 10%-იანი (83.7 მილიონიდან 92.1 მილიონამდე) ზრდა დააფიქსირა.

Similarweb-ის მონაცემებით, OpenAI-ის ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს შორის კვლავ უპირობო ლიდერია. აპრილში ChatGPT-ის მობილურ აპლიკაციას 244.9 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავდა, რაც 10-ჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტის, Claude-ის 23-მილიონიანი მაჩვენებელი. ChatGPT ასევე აშკარა ლიდერია ვების ტრაფიკით – ჩატბოტის ვებგვერდზე აპრილში გლობალურად საშუალოდ 183.7 მილიონი ყოველდღიური ვიზიტი ფიქსირდებოდა, რაც ორჯერ აღემატება ვიზიტების რაოდენობით მეორე ჩატბოტის, Gemini-ს შედეგებს.