ფოტო: gardner.utah.edu
მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება. მაგალითად, თუ 1960-იან წლებში ერთი ქალზე შობადობის მაჩვენებელი საშუალოდ 5-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ის 2.2-მდე დაეცა. Visual Capitalist-ის მიერ შემოთავაზებული რეიტინგი ასახავს მსოფლიოს თითოეული ქვეყნის შობადობის დონეს მათი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. მის შესადგენად გაეროს World Population Prospects 2024-ის ანგარიში და მოსახლეობასა და შობადობაზე 2025 წლის პროგნოზებია გამოყენებული.
მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 71% ისეთ ქვეყნებში ან ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც „ერთ ქალზე საშუალოდ შობადობის მაჩვენებელი 2.1 ბავშვზე დაბალია“. დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „ჩანაცვლების“ კოეფიციენტის 2.1-იან ნიშნულზე შენარჩუნება აუცილებელია იმისათვის, რომ მოსახლეობის რაოდენობა არ შემცირდეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კოეფიციენტი ამ ზღვარზე დაბლა ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება, ამან შესაძლოა მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, სამუშაო ძალის დეფიციტი და ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვიოს.
თუმცა, თავის მხრივ, შობადობის კლების ტენდენციას მრავალ ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორისაა ცხოვრების გაძვირება, საცხოვრებლისა და განათლების მაღალი ხარჯები, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის სირთულე, ეკონომიკური გაურკვევლობა, ურბანიზაცია და ოჯახის მოდელის ცვლილება. აქედან გამომდინარე, შობადობის მაჩვენებელი მხოლოდ ინდივიდუალურ არჩევანს არ ასახავს და ამაზე მნიშვნელოვან გავლენას სოციალური და ეკონომიკური გარემოც ახდენს.
ამის საპირისპიროდ, აფრიკისა და აზიის ნაწილში შობადობის მაღალი მაჩვენებლები შესაძლოა ადრეულ ქორწინებებს, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე შეზღუდულ წვდომას, განათლების დაბალ დონეს და ზოგიერთ რეგიონში არსებულ კულტურულ ტრადიციებს უკვაშირდებოდეს, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი კვლავ მნიშვნელოვან სოციალურ ღირებულებად მიიჩნევა. ამასთან, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბავშვები ხშირად ოჯახის ეკონომიკური მხარდაჭერის ნაწილადაც აღიქმებიან.
გლობალური ძვრების ეპიცენტრში მსოფლიოს ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა: ინდოეთი და ჩინეთი. ინდოეთში შობადობის მაჩვენებელი 1.94-ია, ხოლო ჩინეთში გაცილებით დაბალი — 1.02. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, შობადობის კლებაზე დიდი გავლენა 1980–2015 წლებში მოქმედმა „ერთი შვილის პოლიტიკამ“ იქონია. პოლიტიკის ცვლილების, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდიების შემოღების მიუხედავადაც, მცირეა ალბათობა, რომ ჩინეთი შობადობის ძველი დონის სრულად აღდგენას შეძლებს.
აქვე საინტერესოა, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნიდან ექვსში „ჩანაცვლების“ კოეფიციენტი 2.1-ზე დაბალია. მათ შორის, ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსი ვითარება გვაქვს აშშ-ში, ინდონეზიაში, ბრაზილიასა და რუსეთში. თუმცა, ამის საპირისპიროდ, რამდენიმე მრავალრიცხოვან ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება. მაგალითად, პაკისტანში შობადობის მაჩვენებელი 3.50-ია, ნიგერიაში — 4.30, ხოლო ეთიოპიაში — 3.81. ეს მიანიშნებს, რომ 2100 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის მატება დიდწილად სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიის ნაწილის ხარჯზე შენარჩუნდება. ასევე, გაეროს პროგნოზით, 2050 წლამდე ნიგერიამ მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა აშშ-ს გადაასწროს.
საერთო ჯამში, რეიტინგში, 2025 წელს შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ პოზიციაზე ჩადია — შობადობის საშუალო კოეფიციენტით 5.94, შემდეგ მოდის სომალი (5.91) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (5.90). ხოლო სიის ბოლოს წარმოდგენილ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე — მაკაოში, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ კორეაში — ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 0.69-ით, 0.74-ითა და 0.75-ია. შედეგად კი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის სხვაობა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ის მიერ შემუშავებული რეიტინგი მოიცავს საქართველოსაც. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.8 მილიონადაა შეფასებული, ხოლო შობადობის კოეფიციენტი 1.79-ია — იმ ნიშნულზე დაბალი, რაც მოსახლეობის რაოდენობის სტაბილური შენარჩუნებისთვის არის საჭირო. აქვე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის აღწერის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანია. აქედან მოსახლეობის 52% (შესაბამისად, 2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) — კაცი.
10 ქვეყანა, სადაც შობადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:
| ქვეყანა | მოსახლეობა | შობადობის მაჩვენებელი (TFR) |
|---|---|---|
| ჩადი | 21 მილიონი | 5.94 |
| სომალი | 19.6 მილიონი | 5.91 |
| კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 112.8 მილიონი | 5.90 |
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 5.5 მილიონი | 5.81 |
| ნიგერი | 27.9 მილიონი | 5.79 |
| მალი | 25.2 მილიონი | 5.42 |
| ანგოლა | 39 მილიონი | 4.95 |
| ბურუნდი | 14.4 მილიონი | 4.68 |
| ავღანეთი | 43.8 მილიონი | 4.66 |
| მოზამბიკი | 35.6 მილიონი | 4.62 |
10 ქვეყანა, სადაც შობადობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია:
| ქვეყანა | მოსახლეობა | შობადობის მაჩვენებელი (TFR) |
|---|---|---|
| მაკაო | 720 ათასი | 0.69 |
| ჰონგ-კონგი | 7.4 მილიონი | 0.74 |
| სამხრეთი კორეა | 51.7 მილიონი | 0.75 |
| სენ-ბართელემი | 10 ათასი | 0.83 |
| ტაივანი | 23.1 მილიონი | 0.86 |
| პუერტო-რიკო | 3.2 მილიონი | 0.94 |
| სინგაპური | 5.9 მილიონი | 0.96 |
| უკრაინა | 39.0 მილიონი | 1.00 |
| ჩინეთი | 1.4 მილიარდი | 1.02 |
| ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები | 40 ათასი | 1.06 |
















