ბირთვული ენერგია; ტაივანი; ტრამპის „ოქროს გუმბათი“: რაზე ისაუბრეს პუტინმა და სი ძინპინმა

ბირთვული ენერგია; ტაივანი; ტრამპის „ოქროს გუმბათი“: რაზე ისაუბრეს პუტინმა და სი ძინპინმა

ფოტო: Sputnik / via AFP-JIJI

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრები გამართა. სი ძინპინმა პუტინს, ტრამპის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უმასპინძლა. დახვედრის ცერემონია კი ტრამპისთვის მოწყობილის იდენტური იყო: საპატიო ყარაულით და საპატიო ზალპით, ჩაის ცერემონიით და დიდებული სახალხო დარბაზით, ჩინეთისა და რუსეთის დროშებიანი ბავშვების ფონზე.

სტრატეგიულმა პარტნიორებმა გეოპოლიტიკურ საკითხებზე, ენერგეტიკულ საჭიროებებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პუტინმა და სი ძინპინმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყოვლისმომცველი პარტნიორობის მნიშვნელობას, თუმცა ბუნებრივი აირის გაზსადენთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმება არ გაუფორმებიათ.

ცნობისათვის, ჩინეთი რუსეთისთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. რუსული მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $240 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, ჩინეთი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. ჩინეთისთვის რუსეთი აშშ-ის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ვიეტნამის შემდეგ, მეხუთე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრისგან განსხვავებით, სადაც მხარეებს შორის თითქმის არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა, პუტინთან შეხვედრის შემდეგ 20-ზე მეტი სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის დოკუმენტი გაფორმდა. მათ შორის იყო შეთანხმებები სანიტარულ ნორმებზე, სახელმწიფო სიახლეებზე, ბირთვულ ენერგიაზე და სხვა. თუმცა ტრამპთან შეხვედრის მსგავსად, მასშტაბური და მნიშვნელოვანი, სტრატეგიული დონის შეთანხმება არც ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს დაუდვიათ.

ბუნებრივი აირის ერთობლივ გაზსადენზე, „ციმბირის ძალა 2“-ზე, კრემლმა განაცხადა, რომ ჩინეთთან პროექტის განხორციელების ხასიათზე პოზიციები შეათანხმა. თუმცა კონკრეტულ დეტალებზე, განრიგზე და სხვა ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება კვლავაც არ გაფორმებულა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გაზსადენზე მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის წლებია, მიმდინარეობს. გაზსადენით ჩინეთი მონღოლეთის გავლით ციმბირიდან რუსულ ბუნებრივ აირს მიიღებს.

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტრამპიც გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ტრამპის „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარის გეგმები საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ სტაბილურობას.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.