ფოტო: Getty Images
Honeywell-ის შვილობილმა საწარმომ, Quantinuum-მა, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში, $1.68 მილიარდი მოიზიდა. IPO-ზე კომპანიის თითო აქციის ფასი $60-ით განისაზღვრა, რაც ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ ინვესტორები ბაზრის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სექტორის მიმართ მაღალ დაინტერესებას გამოხატავენ.
კოლორადოს შტატის ქალაქ ბრუმფილდში დაფუძნებულმა, კვანტური გამოთვლების კომპანია Quantinuum-მა, IPO-ზე ჯამში 28 მილიონი აქცია გაყიდა. ეს განთავსება მორიგი შეხსენებაა იმისა, რომ ინვესტორების ინტერესი კვანტური გამოთვლების კომპანიების მიმართ მაღალია. ინდუსტრიაში მიღწევები ზრდის ფსონს, რომ გარკვეული კომპლექსური ამოცანების შესრულებაში კვანტური მოწყობილობები ტრადიციულ კომპიუტერებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.
ცნობისთვის, Quantinuum-მა ამ კვირის დასაწყისში თითო აქციაზე საფასო დიაპაზონი $53-$55-მდე, ხოლო შეთავაზებული აქციების რაოდენობა 26.5 მილიონამდე გაზარდა. IPO-მდე მსგავსი ნაბიჯი, როგორც წესი, ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შედეგია. Nasdaq-ზე Quantinuum-ის აქციებით საჯარო ვაჭრობა დღეიდან დაიწყება სიმბოლოთი – QNT. IPO-ს წამყვანი ანდერრაიტერები J.P. Morgan-ი და Morgan Stanley არიან.
Quantinuum-ი 2021 წელს Honeywell-ის კვანტური გამოთვლების ბიზნესისა და Cambridge Quantum-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კომერციული ზრდის ადრეულ ეტაპზე მყოფმა Quantinuum-მა, სექტორისადმი გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, ბოლო თვეებში ჯავშნების მკვეთრი ზრდა დააფიქსირა.
IPO-ზე განაცხადის წარდგენისას Quantinuum-მა აღნიშნა, რომ Honeywell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც დაახლოებით $150 მილიარდს შეადგენს, შეთავაზების დასრულების შემდეგ კომპანიაში ხმის უფლების მქონე აქციების დაახლოებით 48.1%-ს შეინარჩუნებს.













