რა სიახლეები წარადგინა Apple-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე?

რა სიახლეები წარადგინა Apple-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე?

ფოტო: Carlos Barria

 

ორშაბათს Apple-მა დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე ტექნოლოგიური სიახლეები წარმოადგინა. კომპანია წელს რამდენიმე მნიშვნელოვან განახლებას გეგმავს, მათ შორისაა Siri-ის ახალი ვერსიის გამოშვება, ბავშვთა უსაფრთხოების ახალი ხელსაწყოები და მთელი ეკოსისტემის მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

AI-მხარდაჭერილი პერსონალური ასისტენტი Siri

Apple-მა წარადგინა Siri AI-ი, ახალი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი პერსონალური ასისტენტი, რომელიც ინტეგრირებულია Apple Intelligence-ის შესაძლებლობებთან და რომელსაც შეუძლია პირადი კონტექსტის გაგება, ეკრანზე არსებული კონტენტის ანალიზი, ინტერნეტში ძიება, სურათების აღქმა და სხვადასხვა აპლიკაციაში დავალებების შესრულება. ასისტენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაუბრუნდნენ წინა ინტერაქციებს.

კომპანია Siri AI-ის ბეტა-ვერსიას წელს გამოუშვებს, თუმცა თავდაპირველად ის არ იქნება ხელმისაწვდომი iOS-სა და iPadOS-ზე ევროკავშირში. ჩინეთში კი Siri AI-ი და Apple-ის სხვა ახალი AI-ფუნქციები ხელმისაწვდომი საერთოდ არ იქნება.

Apple Intelligence-ი და სხვა აპლიკაციებში მისი ინტეგრაცია

Apple-მა წარმოადგინა Apple Intelligence-ის ახალი თაობა, რომელიც აგებულია განახლებულ Apple Foundation Models-ზე, რომელიც შემუშავებულია Google-ის Gemini-სთან კოლაბორაციით. მოდელები მუშაობს Apple-ის Private Cloud Compute-ის ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მსჯელობას, გამოსახულების აღქმას და გამოსახულების გენერირების შესაძლებლობებს.

Apple-მა ასევე ხაზი გაუსვა მის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ მიდგომას და განაცხადა, რომ Apple Intelligence-ის მიერ დამუშავებული მომხმარებლის მონაცემები არ ინახება და კომპანიისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

კომპანია Apple Intelligence-ს ისეთ აპლიკაციებში დააინტეგრირებს, როგორებიცაა: Safari, Messages-ი, Mail-ი, Calendar-ი და Phone-ი, რაც უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა: ჩანართების ავტომატური ორგანიზება, ვებგვერდის მონიტორინგი, ზარების დროს დახმარება.

ბავშვთა უსაფრთხოების განახლებები

Apple-მა გაუმჯობესებული ბავშვთა ანგარიშები წარადგინა, რომლებიც ავტომატურად ჩართავს ასაკობრივ დაცვას, მათ შორის შეზღუდვებს ზრდასრულთა ვებსაიტებზე, ასაკის შესაბამის მედიაკონტენტსა და App Store-ზე. მშობლებს ასევე შეეძლებათ კონკრეტულ აპლიკაციებზე წვდომის შეზღუდვაც.

Apple-მა დაამატა ფუნქცია „დათვალიერების მოთხოვნა“, რომელიც მოითხოვს, რომ ბავშვებმა ახალ ვებსაიტზე შესვლამდე მშობლების თანხმობა მიიღონ. მშობლებს შეეძლებათ შეადგინონ აპლიკაციებზე წვდომის გრაფიკები, მართონ ეკრანთან გატარებული დრო და აკონტროლონ, თუ როგორ იყენებენ ბავშვები თავიანთ მოწყობილობებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.