ფოტო: Getty Images
საბერძნეთის პარლამენტმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც თავშესაფრის მიღებაზე უარის შემდეგ მიგრანტების დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს.
ამასთან, კანონი მათი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ე.წ. „დაბრუნების ცენტრებში“, გადაყვანას გახდის შესაძლებელს. ამისთვის კი ათენი შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს მესამე ქვეყნებთან გააფორმებს.
საბერძნეთი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ სასაზღვრო კარიბჭედ მიიჩნევა, 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო. იმ პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მიგრანტთა ნაკადი შემცირდა, ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებზე, კრეტასა და გავდოსზე, არალეგალური მიგრაციის შემთხვევები კვლავ იზრდება. საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუნძულებზე, ძირითადად, ლიბიიდან წამოსული მიგრანტების ნავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გასულ კვირას ევროკავშირის კანონმდებლებმა და წევრი ქვეყნების მთავრობებმა ახალ წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის დატოვების ვალდებულების მქონე მიგრანტები მესამე ქვეყნებში არსებულ სპეციალურ ცენტრებში გაგზავნონ. ინიციატივას უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს ზრდის.
საბერძნეთი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს ნიდერლანდებთან, დანიასთან, გერმანიასთან და ავსტრიასთან, რათა დაბრუნებისა და სატრანზიტო ერთობლივი ჰაბები შექმნას.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის, თანოს პლევრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მესამე სახელმწიფოებთან და იმედოვნებენ, რომ პირველი შეთანხმებები მიმდინარე წელს გაფორმდება, ხოლო ცენტრები 2027 წლიდან ამოქმედდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა უკვე კონსულტაციებს მართავს ორ აფრიკულ სახელმწიფოსთან, თუმცა ისინი დაუსახელებია.
ახალი ინიციატივა ევროკავშირში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომლის მიზანიც არალეგალური მიგრაციის შემცირება და დეპორტაციის პროცესის გამარტივებაა.
















