ფოტო: Prakash Singh/Bloomberg
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ განაცხადა, რომ კომპანიას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენეს Claude-ის AI-მოდელი თებერვალში ირანში მომხდარი სარაკეტო დარტყმის დროს, რომლის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 120 ბავშვი დაიღუპა.
Bloomberg-თან ინტერვიუში ამოდეიმ აღნიშნა, რომ Anthropic-ს არ აქვს წვდომა დეტალებზე და არ იცის, კონკრეტულად რა როლი ითამაშა Claude-მა სამხედრო ოპერაციაში. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყენეს ეს მოდელები,“ – განაცხადა მან.
ამოდეის თქმით, აღნიშნული შემთხვევა კომპანიის პოლიტიკას არ არღვევდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანი იღებდა და არა ხელოვნური ინტელექტი.
„პრინციპი, რომელიც დავადგინეთ და, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც იყო დაცული, არის ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს,“ – აღნიშნა Anthropic-ის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მან გაამართლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო სფეროში და განაცხადა, რომ დასავლეთს არ შეუძლია ჩამორჩეს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ჩინეთი და რუსეთი არიან.
„არ გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც ჩინეთსა და რუსეთს შეუძლიათ დაზვერვის სრულად AI-ით ანალიზი და მისი გამოყენება ტაივანისა და უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენ ვერ შევძლებთ მათ დაცვას,“ – დასძინა ამოდეიმ.
ზემოხსენებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია. თუმცა, როგორც The New York Times-ი წერს, წინასწარი სამხედრო გამოძიება მიუთითებს, რომ დაბომბვაზე პასუხისმგებელი შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები იყოს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა The Wall Street Journal-მაც, რომლის ცნობით, ამერიკელი სამხედრო გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, აშშ-ის ძალებმა განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დარტყმა ირანის მიერ იყო განხორციელებული, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ირანული შეიარაღება „ძალიან არაზუსტია“. აღსანიშნავია, რომ თავდასხმაში გამოყენებული იყო Tomahawk-ის ტიპის რაკეტა, რომელიც არც ირანის და არც ისრაელის შეიარაღებაში არ შედის.
Anthropic-ის ინფორმაციით, Claude-ის მოდელები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების მიერ დაზვერვის ანალიზის, ოპერატიული დაგეგმვის, მოდელირებისა და კიბეროპერაციების მიმართულებით აქტიურად გამოიყენებოდა.
თუმცა, კომპანიისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამოდეიმ უარი თქვა თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოთხოვნაზე, აშშ-ის სამხედროებისთვის Claude-ის შეუზღუდავი გამოყენების უფლება მიეცათ. Anthropic-ის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება მასობრივი შიდა თვალთვალისა და სრულად ავტონომიური საბრძოლო სისტემების გამოყენების რისკებით ახსნა.
ამის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო უწყებამ Anthropic-თან კონტრაქტი გააუქმა და კომპანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიწოდების ჯაჭვის რისკად დაასახელა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას Anthropic-ი სასამართლოში ასაჩივრებს.














