მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნები და ქალაქები ექსპატებისთვის

მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნები და ქალაქები ექსპატებისთვის

ფოტო: flughafen-zuerich.ch

 

თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის მიგრაცია და კვალიფიციური კადრების მობილობა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. თუმცა ახალ გეოგრაფიულ და კულტურულ სივრცეში დამკვიდრება მიგრანტებისთვის, რიგი პროცესებისა და ფაქტორების გამო, შესაძლოა რთულ და ხანგრძლივ პროცესად იქცეს. უცხო საცხოვრებელ გარემოში გრძელვადიანი დამკვიდრების პროცესს კი ხშირად თან ახლავს ენობრივი ბარიერების, ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და სოციალიზაციის სირთულეების გადალახვის აუცილებლობაც.

ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სადაზღვევო ორგანიზაციის, William Russell-ის ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს და ექსპატებისა და დისტანციურად მომუშავე პირებისთვის მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე და სოციალურად ღია ლოკაციები გამოავლინეს. როგორც ანგარიშში William Russell-ის დირექტორი უილიამ კუპერი აღნიშნავს, ქვეყნისა თუ ქალაქის შეფასებისას მეტი წონა ენიჭება იმ ფაქტს, თუ რამდენად მარტივია გარე პირისთვის ახალ გარემოში ინტეგრაცია, ვიდრე იმას, თუ რამდენად იოლია იმიგრანტისთვის მასპინძელი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა.

„დასაქმებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ფინანსური სტაბილურობა არის ის, რაც რეალურად კრიტიკულ როლს თამაშობს იმაში, იგრძნობს თუ არა მიგრანტი ახალ ადგილას თავს დაცულად პირველი 6-12 თვის განმავლობაში. სწორედ ეს ცვლადები ხშირად ავლებენ ზღვარს წარმატებულ გრძელვადიან რელოკაციასა და სამშობლოში ნაადრევ დაბრუნებას შორის“, — განაცხადა კუპერმა.

William Russell-ის ანგარიშში მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების დასადგენად მკვლევრებმა ქვეყნები 10-ბალიანი სისტემით, ექვს ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით შეაფასეს, ესენია: ექსპატების სუბიექტური გამოცდილება, მიგრანტთა პოპულაციის წილი, უცხოელთა დასაქმების დონე, იმიგრანტების მიმართ საზოგადოებრივი განწყობა, გლობალური უსაფრთხოების ინდექსი და სავიზო პოლიტიკის ღიაობა. საკვლევი მონაცემები კი მიღებულია შემდეგი წყაროებიდან: InterNations-ის Expat Insider-ის კვლევა, OECD, მსოფლიო ბანკი, გლობალური მშვიდობის ინდექსი და Henley Global-ი.

William Russell-ის შემუშავებული ინდექსით, ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების რეიტინგში 10-დან 8.94 ქულით პირველი ადგილი ისლანდიამ დაიკავა. სიაში ისლანდიის ლიდერობას შრომის ბაზარზე უცხოელთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი (84.2%), გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესები და ნდობის მაღალი დონე განაპირობებს.

მეორე პოზიციაზე 8.69 ქულით ლუქსემბურგია, რის მიზეზსაც ძირითადად ამ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მცხოვრებთა მაღალი წილი წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, ლუქსემბურგის ადგილობრივი ინსტიტუტები — მათ შორის საბანკო სექტორიც — დიდწილად სტრუქტურულად ადაპტირებულია საერთაშორისო მოთხოვნებთან, თავად სამუშაო გარემო კი მულტილინგვური და მრავალფეროვანია.

სავიზო ლიბერალიზაციის მაღალი მაჩვენებლითა (93 ქულა) და უცხოელთა დასაქმების 77.1%-იანი კოეფიციენტით რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს შვეიცარია, მასთან ერთად კი ათეულში არიან სხვა ევროპული ქვეყნებიც: ირლანდია, ჩეხეთი, პორტუგალია და ავსტრია.

10-ბალიანი სისტემით, William Russell-ის რეიტინგში 10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა:
  1. ისლანდია — 8.94 ქულა
  2. ლუქსემბურგი — 8.69 ქულა
  3. ახალი ზელანდია — 8.57 ქულა
  4. ავსტრალია — 8.54 ქულა
  5. შვეიცარია — 8.36 ქულა
  6. ირლანდია — 7.89 ქულა
  7. კოლუმბია — 7.71 ქულა
  8. ჩეხეთი — 7.62 ქულა
  9. პორტუგალია — 7.47 ქულა
  10. ავსტრია — 7.40 ქულა

რაც შეეხება ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების რეიტინგს, აღნიშნული ანგარიშისთვის William Russell-ის მკვლევრებმა Happy City Index-ისა და Numbeo-ს მონაცემები გამოიყენეს — ძირითადი აქცენტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე გაკეთდა. უსაფრთხოების მაღალი დონისა (76.7) და დაბალი სოციალური უთანხმოების (24.9) მაჩვენებლის გათვალისწინებით, რეიტინგის სათავეში ციურიხი მოექცა.

William Russell-ის მკვლევრებმა ანგარიშში ყურადღება საინტერესო ტენდენციაზეც გაამახვილეს. კერძოდ იმ ფაქტზე, რომ წამყვანი მეგაპოლისები, როგორებიცაა ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი, ათეულს მიღმა დარჩნენ. მკვლევართა ჰიპოთეზით, მსგავსი ქალაქების მასშტაბები და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე სოციალური ანონიმურობის განცდას აღრმავებს და ექსპატებისთვის მყარი სოციალური კავშირების შექმნის პროცესსაც ართულებს.

10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი:
  1. ციურიხი — 9.06 ქულა
  2. სინგაპური — 8.97 ქულა
  3. ტოკიო — 8.97 ქულა
  4. კოპენჰაგენი — 8.72 ქულა
  5. მიუნხენი — 8.63 ქულა
  6. პრაღა — 7.86 ქულა
  7. დუბაი — 7.61 ქულა
  8. ვარშავა — 7.52 ქულა
  9. სეული — 7.44 ქულა
  10. ჰონგ-კონგი — 7.26 ქულა