მიიღებს ირანი $300-მილიარდიან ფონდზე წვდომას? - ტრამპი შეთანხმების ამ პირობას უარყოფს

მიიღებს ირანი $300-მილიარდიან ფონდზე წვდომას? - ტრამპი შეთანხმების ამ პირობას უარყოფს

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანს შესაძლოა $300 მილიარდამდე მოცულობის სარეკონსტრუქციო ფონდზე წვდომა მიეცეს, თუ ის შეერთებულ შტატებთან ახლახან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობებს შეასრულებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეთანხმების პირობები ჯერ ოფიციალურად გასაჯაროებული არ არის.

CBS News-თან ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ირანს ზემოხსენებულ ფონდზე წვდომა მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს. მისივე თქმით, ფონდი სპარსეთის ყურის ქვეყნების კოალიციის მიერ დაფინანსდება და მიზნად ქვეყნის აღდგენის პროცესის მხარდაჭერას ისახავს.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უარყო ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი ირანისთვის „$300 მილიონის გადახდას“ გეგმავს. მისი განცხადებით, მსგავსი ცნობები „ფეიკ-ნიუსია, რომელიც დემოკრატებმა გაავრცელეს“. ტრამპის თქმით, ირანი დათანხმდა პირობას, რომ მას ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

ამერიკული მედიასააგენტოების, Reuters-ისა და Bloomberg-ის ინფორმაციით, $300 მილიარდის მოცულობის ფონდის არსებობა რეალურია. Bloomberg-ი იმასაც იუწყება, რომ აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი უკვე გამოყოფილია. Reuters-ის ცნობით კი, ეს კერძო საინვესტიციო ფონდია, რომელიც ირანში ინვესტიციების წასახალისებლად შეიქმნა.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ შეთანხმებას ხელი პარასკევს, შვეიცარიაში უნდა მოაწერონ. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება 60-დღიანი პერიოდი, რათა მხარეებმა პოზიციები ისეთ თემებზე დააახლოონ, როგორებიცაა ირანის ბირთვული პროგრამა, გაყინულ აქტივებზე წვდომა, სანქციები და სხვა. ხელმოწერის შემდეგ სრულად აღდგება გადაადგილება ჰორმუზის სრუტეშიც.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.