ფოტო: AFP
შვეიცარიაში, ლუცერნში, ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. შვეიცარიის, პაკისტანისა და კატარის მედიაციით გამართული შეხვედრა მედიატორებმა პოზიტიურად შეაფასეს. თუმცა აღნიშნეს, რომ ლიბანსა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დაძაბულობა არ განმუხტულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს განმეორებითი თავდასხმით დაემუქრა, რის გამოც ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებმა პოზიციების დაახლოება მაინც მოახერხეს და, მედიატორების თანახმად, ომის 60 დღეში სრულად დასასრულებლად შეთანხმების ჩარჩოზე შეჯერდნენ.
მათი თქმით, ორივე მხარე შეთანხმდა მექანიზმზე, რომელიც ლიბანში აშშ-ის მოკავშირე ისრაელსა და ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, გაიხსნა საკომუნიკაციო ხაზი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომელიც ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები კატარის საკუთრებაში მყოფ შვეიცარიულ კურორტ ბურგენშტოკში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თეირანმა მიიღო ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების საექსპორტო შეღავათები, ზოგიერთი გაყინული აქტივის გათავისუფლების პირობა და ირანის რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაო გეგმა.
როგორც აღვნიშნეთ, მხარეებს შორის განხეთქილების საგანს ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები წარმოადგენს. პარასკევს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების გამოცხადების მიუხედავად, იქ საბრძოლო მოქმედებები ისრაელის მხრიდან კვლავ მიმდინარეობს.
შაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამის პასუხად მან კვლავ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, კვირას სრუტეში ხუთმა გემმა გაიარა, რაც მკვეთრად დაბალი შედეგია ერთი დღით ადრე დაფიქსირებულ 26 გემთან შედარებით.

















